ბათუმში მიმდინარე აქციაზე დეპუტატი ირაკლი ჭეიშვილი დაშავდა

ბათუმში აქციის მიმდინარეობისას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი დაშავდა. მას  აქციის მონაწილეების ნასროლი ქვა მოხვდა და ოპერაციას საჭიროებს. ჭეიშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება.
“საყურადღებოა დეპუტატი ირაკლი ჭეიშვილი, რომელსაც სახის ძვლის ტრავმა აქვს. სავარაუდოდ, ყვრიმალის ძვლის მოტეხილობა და გადის კომპიუტერულ კვლევას. როგორც ის ამბობს, დიდი ზომის ქვა მოხვდა სახის არეში”, – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას 11 პირი დაშავდა, მათ შორის 6 პოლიციელია. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმის, გია კიკაბიძის თქმით, 11 პაციენტიდან სხეულის დაჟეჟილობით 7-მა პაციენტმა მიმართა. ერთ-ერთ პაციენტს გარკვეული მოტეხილობა აღენიშნებოდა.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობასთან ამ წუთებში აქცია იმართება. აქ შეკრებილები დღეს, ბათუმში დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ. აქციის მონაწილეება სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს და პოლიციის მანქანა ამოატრიალეს, რის შემდეგაც სპეცრაზმმა მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
თავდაპირველად, „ბათუმი პლაზასთან“ ადგილობრივებსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს ორი ადამიანი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  საპატრულო პოლიციამ ერთ-ერთი მოქალაქე მოძრაობის შეფერხების გამო დააჯარიმა, რის შემდეგაც აღნიშნულმა მძღოლმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია, მას გამოესარჩლა მეორე მოქალაქე და ორივე მათგანი ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
მოგვიანებით აქციაზე კიდევ 4 პირი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები