პრეზიდენტი: კონსტიტუციის ფუნდამენტური გადასინჯვის პროცესში ყველა უნდა ვმონაწილეობდეთ

“კონსტიტუციის ფუნდამენტური გადასინჯვის პროცესი რომ ჩვენი საზოგადოების გამთლიანების წინაპირობა გახდეს, ყველა უნდა ვმონაწილეობდეთ ამ პროცესში”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კონსტიტუციის განხილვასთან დაკავშირებით საერთო-სახალხო ჩართულობის უზრუნველსაყოფი კამპანიის პრეზენტაციაზე განაცხადა.
საკონსტიტუციო ცვლილებებზე საჯარო განხილვა გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით იმართება და 170-ზე მეტი სტუმარია მიწვეული.
„როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტმა ინიცირება გააკეთა ქვეყნის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის ფუნდამენტური გადასინჯვისა. ეს ინიციატივა შეიძლება გახდეს ჩვენი საზოგადოებისა და ქვეყნის გაერთიანების, განმტკიცების, კიდევ უფრო გაძლიერების წინაპირობა.მაგრამ როგორ უნდა გახდეს საკონსტიტუციო პროცესი ჩვენი გაძლიერების მიზეზი და მიზანი? ალბათ არა ისე, როგორც ეს აქამდე ხდებოდა. ალბათ ისე არა, როდესაც დახურულ კაბინეტებში იწერებოდა დოკუმენტი. იმისთვის, რომ კონსტიტუციის ფუნდამენტური გადასინჯვის პროცესი გახდეს ჩვენი საზოგადოების გამთლიანების წინაპირობა, ყველა უნდა ვმონაწილეობდეთ ამ პროცესში. კონსტიტუცია გვაერთიანებს ყველას. კონსტიტუციის ტექსტი იწყება ამაღელვებელი სიტყვებით – “ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები”. შესაბამისად, ეს დოკუმენტი რეალურ დოკუმენტად რომ იქცეს, მას ხელს ქართველი ხალხი უნდა აწერდეს. საქართველოს ყველა მოქალაქემ იცის, რომ ქვეყნის მთავარი დოკუმენტი არის კონსტიტუცია”, -განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები