არჩილ თალაკვაძე: თუკი პრეზიდენტს საკონსტიტუციო კომისიაში მუშაობის სურვილი აქვს, მიმართოს პარლამენტის თავმჯდომარეს

„თუკი პრეზიდენტს სურვილი აქვს ჩაერთოს საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში, პრეზიდენტს შეუძლია მიმართოს პარლამენტის თავმჯდომარეს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
​მისივე განმარტებით, უმრავლესობის წევრები პრეზიდენტთან დღევანდელ შეხვედრას ვერ დაესწრებიან. მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა პარლამენტში, სესიაზე, მნიშვნელოვან კანონპროექტებს განიხილავს.
„დღევანდელი შეხვედრა ნამდვილად დაემთხვა სესიას. ბუნებრივია, უმრავლესობის წევრები ვერ გავაცდენთ სესიას. დღეს მნიშვნელოვანი კანონპროექტები განიხილება. რაც შეეხება პრეზიდენტის ჩართულობას საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში, საკონსტიტუციო კომისიის კარი დღესაც ღიაა და შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ არც ერთი ოფიციალური მოთხოვნა და წერილი პრეზიდენტის მხრიდან პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე არ ყოფილა გაკეთებული, რომ პრეზიდენტს სურს ჩაერთოს საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში . შესაბამისად, თუ პრეზიდენტს აქვს სურვილი, ჩაერთოს კომისიის მუშაობაში, კარი ღია არის და შეუძლია გამოხატოს ეს სურვილი და მიმართოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
​პრეზიდენტის ადმინისტრაცია კონსტიტუციური ცვლილებების საკითხზე დღეიდან კამპანიას და საზოგადოების სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს იწყებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები