არჩილ თალაკვაძე: საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით, ნებისმიერ მხარესთან განხილვა აპრილიდან დაიწყება

„საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით, საჯარო განხილვების ეტაპზე, უკვე მზად ვართ ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან ვიყოთ დიალოგის და განხილვის ფორმატში და ეს მოხდება უკვე აპრილის თვიდან“, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
​მისივე განმარტებით, სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს და პროცესს მხოლოდ და მხოლოდ ადგილი აქვს საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში. აღნიშნული განცხადებით, თალაკვაძე დღეს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში საკონსტიტუციო კომისიის წევრების მიწვევის საკითხს გამოეხმაურა.
,,საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებულ სამუშაო შეხვედრებს და პროცესს ადგილი აქვს მხოლოდ და მხოლოდ საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში. შესაბამისად, ამ თემასთან დაკავშირებით, ნებისმიერი სამუშაო პროცესი, ვიდრე პროექტი მომზადდება, მხოლოდ საკონსტიტუციო კომისიის შიგნით განიხილება და გადავა საჯარო განხილვების ეტაპზე. საჯარო განხილვების ეტაპზე, უკვე მზად ვართ ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან ვიყოთ დიალოგის და განხილვის ფორმატში და ეს მოხდება უკვე აპრილის თვიდან“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
​დღეს, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში მიწვეული არიან პარლამენტის თავმჯდომარე და საკონსტიტუციო კომისიის წევრები. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, გაიმართება შეხვედრა, სადაც პრეზიდენტი გააცნობს საზოგადოებას და მათ შორის, საკონსტიტუციო კომისიის წევრებს, თუ როგორია მისი ხედვა კონსტიტუციის სახალხო განხილვასთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები