მიხეილ ჯანელიძე ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ხელმძღვანელი გოგა ტაბატაძე და უწყების შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, მათ შორის, სავაჭრო-სამრეწველო პალატას ხვდებიან. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას ასევე, ბიზნესასოციაციების, გადამზიდავთა ასოციაციის, ტურიზმის, განათლების, კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებიან.
საინფორმაციო ხასიათის შეხვედრაზე, მათ მიეწოდებათ ინფორმაცია უვიზო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს და საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებების მიერ გაწეული წინამოსამზადებელი სამუშაოების შესახებ, ასევე, საუბარი ეხება უვიზო მიმოსვლის რეგულაციებსა და წესებს.
აღნიშნული წესების შესახებ ჟურნალისტებთან თვითონ მიხეილ ჯანელიძემაც ისაუბრა.
„პირველ რიგში, აუცილებელია, რომ ვადები იქნას დაცული, ასევე, მნიშვნელოვანია, როდესაც ხორციელდება ვიზიტი, განსაზღვრული იყოს უკან დაბრუნების დრო, შეძენილი იქნას უკან დაბრუნების ბილეთი და ცნობილი იყოს, სად აპირებს პირი დარჩენას. ეს ინფორმაცია უნდა იყოს წარდგენილი საზღვარზე. ეს არის ის ძირითადი მოთხოვნილებები, რასაც მოქალაქე უნდა აკმაყოფილებდეს ევროკავშირისა და შენგენის ზონაში შესვლისას“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
ევროკავშირის და შენგენის ქვეყნებში საქართველოს 26 დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება ემსახურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები