ჩეხეთისა და ლიტვის ელჩები სკრაში „საქართველო IV” -ის მიმდინარეობას გაეცნენ

ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისათვის” სატრასტო ფონდის პროექტ „საქართველო IV”-ის მიმდინარეობას სოფელ სკრაში ჩეხეთისა და ლიტვის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები ტომაშ პერნიცკი და გეიდრიუს პოიდზიუნასი გაეცნენ. დიპლომატები განაღმვის პროცესების მიმდინარეობას დააკვირდნენ და ტერიტორია დაათვალიერეს.
ელჩებს ნატოს უზრუნველყოფის და შესყიდვების სააგენტოს (NSPA) პროექტის მენეჯერმა, გვანცა კვინიკაძემ, ასევე, შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადისა და სამხედრო-სამეცნიერო ცენტრ “დელტას” წარმომადგენლებმა უმასპინძლეს.
სტუმრებმა მიღწეული შედეგი დადებითად შეაფასეს. მათ ხაზგასმით აღნიშნეს პროექტში ჩართულ ქართველ სამხედრო მოსამსახურეთა პროფესიონალიზმი და პროექტის მნიშვნელობა ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
ჩეხეთი და ლიტვა ნატოს „საქართველო IV” პროექტის წამყვანი ქვეყნები არიან. პროექტი, რომელიც 2014 წლის ივნისში დაიწყო, 2008 წლის ომის დროს სკრაში მდებარე შეიარაღების აფეთქებული საცავის მიმდებარე ტერიტორიის ფეთქებადსაშიში ნარჩენებისგან გაწმენდას, ასევე საინჟინრო ბრიგადის EOD ასეულისთვის წვრთნების ჩატარებას და აღჭურვილობის მიწოდებას ითვალისწინებს. სკრაში გაწმენდით სამუშაოებს ასეულის 19 სამხედრო მოსამსახურე ასრულებს. დღეისთვის აღმოჩენილი და განადგურებულია რამდენიმე ასეული აუფეთქებელი საბრძოლო მასალა. ტერიტორიის დაცვას შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა უზრუნველყოფს.
პროექტის ბიუჯეტი 1,3 მილიონ ევროს შეადგენს და მასში, წამყვანი ქვეყნების გარდა, წვლილი აშშ-მა, აზერბაიჯანმა, ბულგარეთმა, დანიამ, გერმანიამ, ირლანდიამ, იაპონიამ, ლუქსემბურგმა, ესპანეთმა, შვედეთმა და თურქეთმაც შეიტანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები