პროფესორის აზრით, “რუსთავი 2” თავისუფალი მაუწყებლობა იყო და ასეთად დარჩება

სამართლის დოქტორის, პროფესორ თამარ ალფაიძის განცხადებით, “რუსთავი 2” თავისუფალი მაუწყებლობა იყო და ასეთად დარჩება, მიუხედავად მფლობელისა. ამის შესახებ პროფესორი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, სამართლიანი მართლმსაჯულების ვერდიქტს ყველა უნდა დაემორჩილოს და აქვე აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს არ აქვს უფლება, აუკრძალოს პიროვნებას თავისი დარღვეული უფლების აღდგენის შესახებ იდავოს.
“რუსთავი 2” თავისუფალი მაუწყებლობა იყო და ასეთად დარჩება, მიუხედავად “მფლობელისა”. დავა “რუსთავი 2″-ის შესახებ უნდა გადაიჭრას სამართლებრივ სივრცეში. სახელმწიფოს არ აქვს უფლება, აუკრძალოს პიროვნებას, იდავოს თავისი დარღვეული უფლების აღდგენის შესახებ. არც სასამართლოს აქვს უფლება, არ განიხილოს მოქალაქის სარჩელი. სამართლიანი მართლმსაჯულების ვერდიქტს კი ყველა უნდა დაემორჩილოს – ეს საუკუნეებით განმტკიცებული ზოგადკაცობრიული პრინციპია! სასურველია, საქართველოში მედია და ხელისუფლება კონსტრუქციულ ურთიერთობაში იყვნენ, რათა გარანტირებული იყოს ქვეყნის პროგრესი, სამოქალაქო თანხმობა, მშვიდობიანი ცხოვრება. ღირებული უნდა იყოს მედიასივრცეში წარმოთქმული თუ ბეჭდურ მედიაში გამოხატული მართალი სიტყვა. თავისუფალი სიტყვა და დემოკრატიული მედია ცივილიზებული საზოგადოების ფუნდამენტურ ღირებულებას წარმოადგენს. პიროვნების თავისუფლება თანამედროვეობის უდიდესი მონაპოვარია, თუმცა აბსოლუტური, არაფრით შეზღუდული თავისუფლება არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს. იგი ყოველთვის უნდა იყოს მოქცეული სამართლიან ჩარჩოებში, რათა ვნება არ მიაყენოს სხვის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს.
ეს ეხება მედიასაც! ისეთ მაღალგანვითარებულ დემოკრატიულ ქვეყანაში, როგორიც არის აშშ, მედია საკმაოდ თავშეკავებულად მუშაობს, მისი კრიტიკა კონსტრუქციულია და არა დესტრუქციული, სიმართლეს ისე ამბობს საზოგადოებისა და პიროვნების ინტერესებს ზიანი არ მიაყენოს”, – ნათქვამია განცხადებაში.
თამარ ალფაიძის განმარტებით, აუცილებელია, სახელმწიფოში ჩამოყალიბდეს ისეთი საზოგადოებრივი შეგნება, რომელიც ორიენტირებული იქნება ხალხის კეთილდღეობაზე, პიროვნების უფლებების დაცვაზე, ხოლო ხელისუფლება უნდა დაეუფლოს მედიასთან ურთიერთობის ხელოვნებას, რადგან მედიას ყოველთვის უპირატესობა აქვს დემოკრატიის აღქმაში, ადამიანის უფლებების, სიტყვის თავისუფლების, ინფორმაციის გავრცელებაში და ა.შ.
უზენასმა სასამართლომ “რუსთავი 2”-ის საქმეზე გადაწყვეტილება 2 მარტს მიიღო. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ ლევან ყარამანაშვილის, გიორგი ყარამანაშვილის, შპს ტელეკომპანია საქართველოს, ნინო ნიჟარაძის, შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 10 ივნისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
ქიბარ ხალვაშისა და შპს “პანორამას” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
გაუქმდეს შპს სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის პარტნიორების: ლევან ყარამანიშვილის 22%-ის, გიორგი ყარამანიშვილის 18%-ის, შპს “ტელეკომპანია საქართველოს” 51%-ის და ნინო ნიჟარაძის 9%-ის წილების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში და შპს სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის 60% წილის მესაკუთრედ ცნობილი იქნებ ქიბარ ხალვაში და 40%-ის წილის მესაკუთრედ ცნობილი იქნეს შპს “პანორამა”.
უცვლელად დარჩეს წინამდებარე გადაწყვეტილების შესავალ ნაწილში მითითებული სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინების წინმსწრები განჩინებები, მოპასუხეებს შპს ტელეკომპანია საქართველოს, გიორგი ყარამანიშვილს, ლევან ყარამანიშვილს და ნინო ნიჟარაძეს, ქიბარ ხალვაშსა და შპს “პანორამას” სასარგებლოდ, სოლიდარულად, დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის სახით 5000 ლარის ანაზღაურება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები