ბოლნისის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი გერმანული პროექტი დაიწყება
პროფესიით ჟურნალისტი რაინერ -ეგონ-მაქს კაუფმანი ბოლნისში საქველმოქმედო პროექტით მოდის. ჟურნალისტი, რომელიც საქართველოთი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს მოიხიბლა, უკვე 3 ათეული წელია ჩვენს ქვეყანაში წარმატებით მოღვაწეობს: არის გერმანული გაზეთის – ,,კავკასიის ფოსტა“ – რედაქტორი და ასევე, ბიზნესსაქმიანობითაა დაკავებული; ფლობს რესტორანს, სასტუმროსა და ტურისტულ სააგენტოს; აქვს საქართველოზე გამოცემული რამდენიმე გერმანულენოვანი წიგნი, რომლებსაც ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ ტურისტებს აცნობს.
როგორც თავად ამბობს, ტურისტულ მარშრუტში წამყვან ადგილს ბოლნისი იკავებს, ბოლნისი, სადაც 2 საუკუნის წინ შვაბები ცხოვრობდნენ და ნაკვალევად შესანიშნავი არქიტექტურა, ტრადიციები და კულტურა დაგვიტოვეს. გერმანელი ბიზნესმენი 2 მარტს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელს ესტუმრა, თუმცა ამჯერად ბოლნისში ვიზიტი ტურიზმთან დაკავშირებული არ იყო. რაინერ კაუფმანი ყოფილ კატერინენფელდში კონკრეტული პროექტით ჩამოვიდა. მას სურს, მის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის ,,შვაბური ბოლნისისა“ და საქართველოში გერმანიის საელჩოს ხელშეწყობით, ბოლნისის მოსახლეობას უსასყიდლოდ გადასცეს იშვიათი ჯიშის ბოსტნეული კულტურების სათესლე მასალა, კენკროვანი ხილის ნერგები და მათ რეალიზაციაშიც დაეხმაროს.
ორგანიზაცია, პროექტის ფარგლებში, ბოლნისის ერთ მცხოვრებსაც დაასაქმებს, რომელსაც გერმანიაში გადაამზადებენ და შემდგომში პროექტს გაუწევს კოორდინაციას. თავდაპირველად, საუბარია 10 ოჯახზე, რომლებსაც საკარმიდამო ნაკვეთებზე შეეძლებათ პროდუქციის მოყვანა. პროექტი დაახლოებით 2 თვეში დაიწყება. სწორედ ამ დროს გეგმავს ჟურნალისტი პროექტის საჯარო პრეზენტაციას.
,,ეს გეგმები არის ჩემთვის 2017 წლის გამოწვევა. წელს, როგორც ვიცით, გერმანელი კოლონისტების საქართველოში ჩამოსახლებიდან 200 წლის იუბილე აღინიშნება და მინდა ამ შესანიშნავ ქალაქს შემდგარი და წარმატებული პროექტი დავუტოვო საჩუქრად“, – აღნიშნა რაინერ კაუფმანმა.
დღევანდელ შეხვედრაზე ბიზნესმენმა დავით შერაზადიშვილს შორს მიმავალი გეგმებიც გააცნო. ბოსტნეულისა და კენკროვანი ხილის გარდა, ბიზნესმენი აპირებს, ბოლნისში ადგილობრივებს გერმანული ტექნოლოგიით მაკარონის წარმოება შეასწავლოს. მისი თქმით, ბოლნისს აქვს საკმაოდ დიდი პოტენციალი ლორის და ძეხვეულის წარმოების კუთხითაც, რომელიც მთლიანად შვაბური ტრადიციების მიხედვით დამზადდება.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა პროექტი დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ბოლნისს აქვს ამ პროექტის სწორად და ეფექტურად განხორციელებისთვის საუკეთესო პირობები და ბიზნესმენს გვერდში დგომა დაჰპირდა.
,, მოხარული ვარ, რომ თქვენი დაინტერესების არეალში ბოლნისი მოხვდა. ეს არის მართლაც მომავლის პროექტი, რომელიც პირველ ეტაპზე რამდენიმე ათეული ოჯახისთვის ბიზნესის დაწყებისა და შემოსავლის გაჩენის შესანიშნავი შანსია. ჩვენი მხრიდან ვაცხადებთ ყველანაირ მზადყოფნას იმისათვის, რომ პროექტმა წარმატება და მომავალი განვითარება ჰპოვოს“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დავით შერაზადიშვილმა.