ეროვნული ბიბილიოთეკის V კორპუსში ბარბარე ჯორჯაძის სახელობის ფემინისტური კაბინეტი გაიხსნება

8 მარტს, 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბილიოთეკის V კორპუსში (სულხან ცინცაძის #63, ყოფილი საბურთალოს ქუჩა) ბარბარე ჯორჯაძის სახელობის ფემინისტური კაბინეტი გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ეროვნულ ბიბლიოთეკაში განუცხადეს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნება ახალი საინფორმაციო სივრცე მათთვის, ვინც დაინტერესებულია გენდერული თანასწორობისა და ფემინიზმის საკითხებით.
ბარბარე ჯორჯაძის კაბინეტში თავს მოიყრის ინფორმაცია  გენდერული თანასწორობის შესახებ, მათ შორის, მე-19 და მე-20 საუკუნეების ქართველი ქალი მწერლებისა და პუბლიცისტების ელექტრონული ბიბლიოთეკა.
კაბინეტი ატარებს მე-19 საუკუნის ქალი მწერლისა და ერთ-ერთი პირველი ქართველი ფემინისტის სახელს. ეს პირველი სოვრცეა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, რომელიც ქალის სახელს ატარებს.
ბარბარე ჯორჯაძის კაბინეტის ინიციატორია ფემინისტური საინიციატივო ჯგუფი საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობით.
კაბინეტის გახსნა შესაძლებელი გახდა არასამთავრობო ორგანიზაციის „ქალთა ფონდი საქართველოში“, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისათვის“ ფარგლებში.
ბარბარე ჯორჯაძის კაბინეტის გახსნას დაესწრებიან საქართველოს პარლამენტის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართავენ და ქალთა საერთაშორისო დღეს მიულოცავენ: შომბი შარპი – გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილე საქართველოში, გიორგი კეკელიძე – ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, მარიამ ჯაში – საქართველოს პარლამენტის განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე და და გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი.
ბარბარე ჯორჯაძე (1833-1895) ქართული ფემინისტური მოძრაობის ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია. თავისი აქტიური პუბლიცისტური და საზოგადოებრივი საქმიანობით ის ეხებოდა ქალთათვის უმნიშვნელოვანეს საკითხებს – წერდა განათლების, თანასწორობის, ქალთა თვითგამოხატვისა და მათი საჯარო სივრცეში ყოფნის აუცილებლობაზე.
ეროვნული ბიბლიოთეკის ბარბარე ჯორჯაძის ფემინისტური კაბინეტი იქნება ღია სივრცე ქალთა სხვადასხვა ჯგუფებისა და აქტივობებისთვის, ექნება საკუთარი ბიბილიოთეკა თანამედროვე ფემინისტური ლიტერატურით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები