ლევან იზორიამ ნატოს სამხედრო კომიტეტის საქართველოში ვიზიტი ისტორიულ ფაქტად შეაფასა

„ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა, რომ ალიანსი მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას, გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა, მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას”, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ საქართველოში ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტის ფარგლებში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც ნატოს უმაღლესი სამხედრო ორგანოს ხელმძღვანელი – პეტრ პაველი ესწრებოდა.
იზორიას თქმით, ნატოს ექსპერტები აქტიურად არიან ჩართული თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმების პროცესში.
გარდა ამისა, ლევან იზორიამ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობასა და მის გაღრმავებაზე გაამახვილა ყურადღება.
„ჩვენ გავაღრმავებთ თანამშრომლობას ნატოს სამხედრო კომიტეტთან, რათა თანამშრომლობის ის პრაქტიკული მექანიზმები, რომლებიც არსებობს, კიდევ უფრო დაიხვეწოს, რათა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს მეტი უსაფრთხოება, ჩვენი ქვეყანა იყოს უფრო თავდაცვისუნარიანი და მდგრადი. რეფორმების განხორციელების მიზანი სწორედ ის არის, რომ გავხდეთ ნატოსთან თავსებადი” ,-აღნიშნა იზორიამ.
მინისტრმა ნატოს სამხედრო კომიტეტის საქართველოში ვიზიტი ისტორიულ ფაქტად შეაფასა და განსაკუთრებით გამოყო ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ნატო-საქართველოს ურთიერთობის დინამიკა.
„ექვსი თვის წინ, ვმასპინძლობდით ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს – უმაღლეს პოლიტიკურ ორგანოს. 2016 წლის ნოემბრის თვეში გვქონდა ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნა. სულ ახლახან, ორი კვირის წინ, ძალიან წარმატებული ვიზიტი გვქონდა ბრიუსელში, ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში.
დღეს კი ვმასპინძლობთ ნატოს უმაღლეს სამხედრო ორგანოს – სამხედრო კომიტეტს. მომავალში, აპრილის დასაწყისში, გვექნება ნატოს კვირეული, მაისის თვეში კი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია გაიმართება. ასე რომ, ეს თანამშრომლობა, ეს ურთიერთობა უპრეცედენტო დინამიურობითაა გამორჩეული, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ნატოს მტკიცე მხარდაჭერის პოლიტიკას საქართველოს მიმართ. დიდი მადლობა ნატოს ამ მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები