საქართველოსა და იტალიას შორის კულტურული თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
12 – 19 მაისს, იტალიის ქ. პეზაროში კლასიკური მუსიკის მე-6 საერთაშორისო კონკურსი გაიმართება. კონკურსის ორგანიზატორები არიან საქართველოს ხელოვანთა კავშირი „ხელოვანები მომავლისთვის“, კლასიკური მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო კომიტეტი „მომავლის ვარსკვლავები” და იტალიის ქ. პეზაროს, რენატა ტებალდის და მარიო დელ მონაკოს სახელობის საერთაშორისო აკადემია „მომავლის ვარსკვლავები“ ( FUTURE STARS 2017).
ღონისძიება საკონკურსო პროექტის, „მომავლის ვარსკვლავების“ მე-10 საიუბილეო წელს და მაესტრო მარიო მელანის დაბადებიდან 100 წლის საიუბილეო თარიღს ეძღვნება.
საქართველოს ხელოვანთა კავშირის ინფორმაციით, საქართველოსა და იტალიის მხარეებს შორის გაფორმდა კულტურული ურთიერთთანამშრომლობის ერთწლიანი მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოს ხელოვანთა კავშირის თავმჯდომარემ, მუსიკოსმა ნინო კუპატაძემ და იტალიის ქ. პეზაროს აკადემიის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ცნობილმა ქართველმა სოპრანომ, ნინო ლეჟავამ.
კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი, იტალიელი, გერმანელი, ირანელი, ყაზახი და აზერბაიჯანელი ნიჭიერი ვირტუოზი მუსიკოსები.
საქართველოსა და იტალიის მხრიდან საგანგებოდ მოწვეული საერთაშორისო ჟიურის მიერ ნომინირებული მონაწილეებისთვის გათვალისწინებულია შემდეგი პრიზები: ერთწლიანი უფასო სწავლა იტალიის ქ. პეზაროს რ. ტებალდის და მ. დელ მონაკოს სახელობის საერთაშორისო აკადემიაში, მაესტრო მარიო მელანის სახელობის პრიზი – 2-კვირიანი უფასო მასტერკლასები და კონცერტი, როსინის სახ. სიმფონიური ორკესტრის სპეციალური პრიზი – კონცერტებში მონაწილეობა სიმფონიური ორკესტრის თანხლებით და 10-დღიანი უფასო მასტერკლასები ორკესტრის პირველ ვიოლინოსთან; ასევე, მონაწილეობა სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებში, მათ შორის, სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, ერთწლიანი სტიპენდიები, ფულადი პრემიები და ექსკლუზიური სახელობითი ჯილდოები. პროექტს უკვე აქვს ფართო გამოხმაურება იტალიურ პრესაში.
იტალიის მე-6 საერთაშორისო კონკურსში საქართველოს მხრიდან მონაწილეობის უფლება მიენიჭათ მხოლოდ საქართველოს ხელოვანთა კავშირის და “მომავლის ვარსკვლავების” რესპუბლიკური და საერთაშორისო პროექტების პრიზიორებს, განსაკუთრებით წარმატებულ მუსიკოსებს თბილისის, ბათუმის, ქუთაისის და სხვა ქალაქების სამუსიკო სასწავლებლებიდან, ვინც მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია არამარტო რესპუბლიკურ, არამედ საერთაშორისო ასპარეზზე.
კონკურსი ტარდება მასტერკლასების გათვალისწინებით. გალა-კონცერტს და დაჯილდოების ცერემონიას დაესწრებიან მსოფლიო რანგის იმპრესარიოები, რომლებიც დააკვირდებიან ქართველ ვირტუოზ მუსიკოსებს და დაინტერესების შემთხვევაში, მათ მიეცემათ უპრეცენდენტო საშუალება, საერთაშორისო ასპარეზზე დასამკვიდრებლად.