ადვოკატი: რაც უნდა სასაცილოდ ჟღერდეს, შორენა თეთრუაშვილი ამ საქმეში დაზარალებულია
“პროკურატურა აცხადებს, თითქოს კრიტიკული კითხვები როცა დასვეს, მაშინ განაცხადა უარი დეკანოზმა დაკითხვაზე. ვაცხადებ, რომ დაკითხვის ოთახში მამა გიორგი, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, საერთოდ არ მისულა”, – ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზის ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ განაცხადა.
ადვოკატის თქმით, ჩვენება, რომელიც დეკანოზმა პროკურატურას მანამდე მისცა, 30 დაბეჭდილი გვერდი იყო.
”პროკურატურა აცხადებს, თითქოს კრიტიკული კითხვები როცა დასვეს, მაშინ განაცხადა უარი დეკანოზმა დაკითხვაზე. ვაცხადებ, რომ დაკითხვის ოთახში მამაო, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, საერთოდ არ მისულა. რომელ კრიტიკულ კითხვებზეა საუბარი? თუკი ასეთი კითხვები დაისვა, პროკურატურამ გამოაქვეყნოს ოქმი, სადაც ეს იქნება ასახული. მინდა გამოვეხმაურო ბრალდებებს, თითქოს დეკანოზი კითხვებზე პასუხს არ სცემს. მას შემდეგ, რაც ბრალდებამ მიიღო 30-გვერდიანი ჩვენება, განა გაუჩნდა დამატებითი კითხვები? ჩვენ ამ კითხვებზე პასუხებს არ გავურბივართ, უბრალოდ ეს კითხვები მოითხოვს მის უსაფრთხოებას. ჩვენებაშიც იყო საკითხები, რომელიც ასევე მისი უსაფრთხოებისთვის არის მნიშვნელოვანი”, – განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.
კითხვაზე, ნახსენები არიან თუ არა ჩვენებაში მეუფე პეტრე ცაავა და მეუფე დიმიტრი, ადვოკატმა აღნიშნა, რომ ისინი ყველგან დადებით კონტექსტში არიან ნახსენები. მისივე ინფორმაციით, ჩვენებაში დეკანოზმა ამომწურავად ისაუბრა ”ციანიდსა” და იარაღზე.
”დამატებითი კითხვები დაკავშირებული იყო იმასთან, თუ რატომ მოხდა ეს ყველაფერი. რაც შეეხება შორენა თეთრუაშვილს, რაც უნდა სასაცილოდ ჟღერდეს, ის ამ საქმეში დაზარალებულია. დეკანოზ გიორგი მამალაძეს დუმილიც რომ შეენარჩუნებინა და ჩვენებაში მასზე საერთოდ არ ესაუბრა, თეთრუაშვილი მაინც უნდა დაიკითხოს, იმიტომ, რომ ის დაზარალებულია”, – განაცხადა ადვოკატმა.