დაზარალებულისა და მოწმის საკითხებზე კონფერენცია გაიმართა

საქართველოს პროკურატურის მენეჯერების, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის წარმომადგენლების მონაწილეობით, დაზარალებულის და მოწმის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება მთავარი პროკურორის მოადგილემ, გიორგი გაბიტაშვილმა და აშშ-ის საელჩოს სამართლებრივმა მრჩეველმა, მაიკლ გრანტმა გახსნეს. კონფერენცია აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მხარდაჭერით ჩატარდა.
პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მომხსენებლებად მოწვეული იყვნენ მოწმის/დაზარალებულის სპეციალისტები აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის სისხლის სამართლის განყოფილებიდან და გამოძიების ფედერალური ბიუროდან. ორდღიანი შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ ამერიკის წარმატებულ პრაქტიკას და განიხილეს შემდეგი თემატიკა: დაზარალებულის უფლებები, დანაშაულის მსხვერპლის ინტერესების გათვალისწინება და დაცვა, დაზარალებულის საჭიროებების შეფასება და ეფექტიანი კომუნიკაციის ძირითადი ტექნიკები. აქცენტი გაკეთდა ისეთ ძალადობრივ დანაშაულებზე, როგორიცაა: ოჯახში ძალადობა, ტრეფიკინგი და ბავშვთა ექსპლოატაცია. პროგრამა, თეორიული ცოდნის გაზიარებასთან ერთად, მოიცავდა პრაქტიკულ სავარჯიშოებს.
მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის განვითარების პროექტზე საქართველოს პროკურატურა აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით მუშაობს. პროგრამის მიზანია კოორდინატორის სამსახურის გაძლიერება, რაც ხელს შეუწყობს სისხლის სამართლის საქმის მსვლელობის პროცესში პროკურატურასა და მოქალაქეებს (მოწმე/დაზარალებული) შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებასა და დაზარალებულთა ინტერესების დაცვას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები