ირაკლი კობახიძე და თამარ ჩუგოშვილი დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ

„ხვალიდან ვიწყებთ კონსულტაციების მეორე რაუნდს, რომლის საფუძველზეც ის ძირითადი ცვლილებები გამოიკვეთება, რომლებიც  საქართველოს კონსტიტუციაში შევა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე, რომელიც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას ხელმძღვანელობს, პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან და კომისიის მდივანთან, თამარ ჩუგოშვილთან ერთად, მოწვეულ სტუმრებს კომისიის მიზნების და  საქმიანობის შესახებ ესაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ კომისიის საქმიანობა ინკლუზიური იქნება და გადაწყვეტილებები ფართო კონსესუსის შედეგად იქნება მიღებული. მისივე თქმით, მოქმედი საკონსტიტუციო კომისია ყველაზე ეფექტური და ქმედითია. პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობა წარმატებული იქნება და მიზნის მიღწევას – საქართველოს კონსტიტუციის გაუმჯობესებას შეძლებს.

 „დღეს შევხვდით  დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ერთგვარი ანგარიში ჩავაბარეთ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ჩვენ ორი კვირის წინ დავასრულეთ დისკუსიების პირველი რაუნდი, სადაც კომისიის წევრთა მიერ გამოითქვა მოსაზრებები. ამ მოსაზრებების საფუძველზე კონსტიტუციაში შესაძლო ცვლილებების კონკრეტული ტექსტები ჩამოყალიბდა. ხვალიდან უკვე ვიწყებთ მეორე რაუნდს ამ კონსულტაციების, რომლის საფუძველზეც გამოიკვეთება ის ძირითადი ცვლილებები, რომლებიც შევა საქართველოს კონსტიტუციაში. ამასთან დაკავშირებით გვქონდა ჩვენ საუბარი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან,საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და გავცვალეთ მოსაზრებები საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, შეხვედრაზე დიპლომატებს საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით განახლებული ინფორმაცია გააცნეს.

„როგორც იცით, სამუშაო ჯგუფების შეხვედრების პირველი ეტაპი  თითქმის ამოწურულია და გაჩნდა გარკვეული მოსაზრებები. მომავალი შეხვედრებიდან უკვე კონკრეტული ნორმების განხილვა წარიმართება. ვინაიდან დიპლომატებს ჰქოდათ მრავალი კითხვა ზოგადად საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით, სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენ მივაწოდეთ მათ განახლებული ინფორმაცია, ვუთხარით როგორ წარიმართა პირველი ეტაპის შეხვედრები და რა გეგმები არის სამომავლოდ უკვე მეორე და მესამე ეტაპის შეხვედრებთან დაკავშირებით. ძალიან საინტერესო დისკუსია იყო. პრინციპში, მგონია, რომ ჩვენ ეტაპობრივად, ნელ-ნელა ცალსახად მივდივართ გაუმჯობესებული კონსტიტუციისკენ და მჯერა, რომ ნამდვილად შევძლებთ უკეთესი კონსტიტუციის მიღებას”,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

შეხვედრას 65-მდე დიპლომატი და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები