პრემიერის თქმით, დღეს, არსად ისე, როგორც საქართველოში, ძლიერია ევროპული სულისკვეთება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ევროკავშირი ასრულებს საკუთარ პირობას და დღეს, არსად ისე, როგორც საქართველოში, ძლიერია ევროპული სულისკვეთება.
ამის შესახებ პრემიერმა ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპოლუსთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, “ეს შედეგი ადასტურებს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის პროცესში და იმას, რომ საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობა სანდო და მტკიცეა”.
“ასევე, ეს მიღწევა საქართველოს მთავრობისთვის დამატებითი ბიძგის მიმცემია საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური რეფორმების გასაგრძელებლად. მეორე და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ეს შედეგი ადასტურებს იმას, რომ ევროკავშირი ასრულებს საკუთარ პირობას. მინდა ვთქვა, რომ დღეს, არსად ისე, როგორც საქართველოში, ძლიერია ევროპული სულისკვეთება. დღეს, საქართველოში, როგორც არსად, ზეიმობს ერთიანი ევროპის იდეა. დღეს საქართველოში, როგორც არსად, ესმით ერთიანი ევროპის იდეის. ვულოცავ ქართველებს და ევროპასაც, რადგან საქართველო, როგორც ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი, კიდევ უფრო ახლოს მივიდა ევროპასთან”,- განაცხადა კვირიკაშვილმა.
პრემიერის თქმით, ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია ხელშესახები სარგებლის მომტანი იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის.
“უვიზო მიმოსვლა ევროკავშირს წევრ ქვეყნებში, ჩვენს საზოგადოებებს შორის მჭიდრო ტურისტული, საგანმანათლებლო და ბიზნესურთიერთობების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს და წვლილს შეიტანს საქართველოში ევროპული იდეების დამკვიდრებაში. მნიშვნელოვანია, რომ ყველა სარგებელი ხელმისაწვდომი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის”,- აღნიშნა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება სრულად აცნობიერებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც უვიზო რეჟიმის ამოქმედებას უკავშირდება.
“ჩვენ ვახორციელებთ პრევენციულ ღონისძიებებს შესაძლო რისკების თავიდან ასაცილებლად, მათ შორის, ფართომასშტაბიან, ინტენსიურ საინფორმაციო კამპანიას უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ. ჩვენი მოლოდინია, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდება საკუთარ ვალდებულებებს და ზედმიწევნით დაიცავს უვიზო მიმოსვლის პირობებს”,- განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები