კონსტანტინე გამსახურდია: ჩემი ინფორმაციით, საქართველოში იმყოფებიან ჰუსეინის დაცვის წევრები

“შემოსულ ადამიანებს უნდა ჩამოართვან ინტერვიუ, თუ რამდენ ხანს გაჩერდება იგი საქართველოში”,-ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების“ ლიდერმა, კონსტანტინე გამსახურდიამ განაცხადა.
გამსახურდია მიგრანტების შემოსვლის დროს რამდენიმე აუცილებელ პროცედურაზე საუბრობს. გამსახურდია თვლის, რომ სახელმწიფო უნდა იყოს სრულად ინფორმირებული, თუ რა კატეგორიის მიგრანტი შემოდის ქვეყანაში.
„როცა ქვეყანაში შემოდის მიგრანტი, ის უნდა შემოწმდეს ინფექციურ დაავადებებზე, ასევე, საჭიროა მათი ფსიქიკური შემოწმება, მათ უნდა ჩამოერთვათ ინტერვიუ თუ რამდენ ხანს დარჩებიან ქვეყანაში და თუ აპირებენ სამშობლოში დაბრუნებას, რა გზებით. სახელმწიფო, ვფიქრობ, რომ დღეს არ არის მზად, მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია ქვეყანაში შემოსულ მიგრანტებზე”, – განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.
გამსახურდია აღნიშნავს, რომ ამჟამად საქართველოში იმყოფებიან ადამიანები ერაყიდან, რომლებიც ჰუსეინის დაცვის წევრები იყვნენ და მისი აზრით, ეს გარკვეულ რისკს აჩენს ტერორიზმთან დაკავშირებით.
„მე მაქვს ინფორმაცია, რომ ქვეყანაში იმყოფებიან ადამიანები ერაყიდან, რომლებიც არიან ყოფილი დიქტატორის, ჰუსეინის დაცვის წევრები. არაა გამორიცხული, ეს ადამიანები რომელიმე მტრულად განწყობილმა ქვეყანამ სათავისოდ გამოიყენოს, იგივე ტერორისტული აქტების მოსაწყობად“, -განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები