გახარია: ვინც ჩათვალა, რომ სესხების „გალარება“ მათთვის მომგებიანი იყო, ეს ნაბიჯი გადადგა

ეკონომიკის მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ლარიზაციის ის პოლიტიკა, რომელიც მთავრობის მიერ იყო არჩეული, ძალზე მნიშვნელოვანია. ამის შესახებ გახარიამ სასტუმრო „რედისონში“ განაცხადა, სადაც საქართველოს ბიზნესასოციაციის ორგანიზებით, ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებსა და გიორგი გახარიას შორის შეხვედრა გაიმართა.
„ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ დოლარიზაციის დონე ჩვენი ეკონომიკის სერიოზული რისკია. ამიტომ, ლარიზაციის ის პოლიტიკა, რომელიც მთავრობის მიერ იყო არჩეული, ძალზე მნიშვნელოვანი და გრძელვადიანი მიმართულებაა. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ესაა ფუნდამენტური ცვლილება ჩვენი ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილებისთვის. ამან უნდა შესძინოს ეკონომიკას მეტი მდგრადობა. ჩვენ ნაკლებად უნდა ვიყოთ დამოკიდებული გარე შოკებზე და ა.შ, თუმცა, “გალარების” კომპონენტი – ეს იყო აბსოლუტურად გააზრებული სოციალური ნაბიჯი, ასევე, ვთქვათ, სახელმწიფოს მხრიდან კეთილი ნება, სოციალური პასუხისმგებლობის აღქმის შედეგად მოსახლეობისთვის შეთავაზებული“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მინისტრის განმარტებით, ვინც დოლარში არსებული სესხების „გალარების“ შეთავაზება მიიღო, მათ აღნიშნული პროდუქტით ისარგებლეს, ხოლო ვინც არ მიიღო და გადაწყვიტა, რომ მისი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, სჯობს იმ სტრუქტურულ პორტფელში დარჩეს, როგორიც აქვს – ეს მათი გადაწყვეტილებაა.
„ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია დოლარიზაციის პრობლემის გადაწყვეტა. ჩვენ ვართ მომავალზე ორიენტირებული, ხოლო „გალარების“ ნაწილი ეს იყო სოციალური პასუხისმგებლობის საკითხი – ვინც ჩათვალა, რომ ეს მათთვის მომგებიანი იყო, ეს ნაბიჯი გადადგა. ბევრი იქნება ეს თუ ცოტა, ამას დღეს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ეს არ არის კონცეპტუალური თემა. კონცეპტუალური თემა ის გახლავთ, რომ ჩვენ მივდივართ ლარიზაციის მიმართულებით, რაც სწორი გადაწყვეტილებაა“, – აღნიშნა აეკონომიკის მინისტრმა.
მიმდინარე წლის 17 იანვრიდან, ე.წ. გალარების აქცია დაიწყო. პროგრამა ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები