“ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი გამორჩეული სტრატეგიული პარტნიორი აშშ-ის. სამწუხაროდ, წინა ადმინისტრაციამ ისე გააფუჭა ეს ურთიერთობები, რომ ფაქტობრივად, დაიყვანა იმ დონეზე, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენთვის. ახალ ადმინისტრაციას აქვს შესაძლებლობა, რომ ეს გამოსწორდეს. ჩვენ ამისთვის ვართ მზად და ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი, რაც დავასახელეთ არის ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ინდიკატორის ჩამოყალიბება”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას გაცხადებული აქვს, რომ მისი საგარეო პოლიტიკა დამყარებული იქნება როგორც ამერიკელი ხალხის, ასევე სხვა ხალხების ეროვნული ინტერესების გათვალისწინებაზე.
„ქართულმა საზოგადოებამ საკმარისი სიბრძნე გამოიჩინა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რაც ჩვენ არეულ სამყაროს ვაკვირდებით უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. ამ არეულობაში ქართველი ხალხი აღმოჩნდა ერთ-ერთი ყველაზე ბრძენი ხალხი, რომელმაც მშვიდად და საკუთარ ინტერესებზე ორიენტირებულად გაიარა ეს პერიოდი. სწორედ ამის შედეგია ის, რომ დღეს შეგვიძლია ძალიან წელგამართულად ვისაუბროთ, მათ შორის ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან. ვისაუბროთ იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი ინტერესები და ნებისმიერ ურთიერთობებში, რა თქმა უნდა შევდივართ ჩვენი ეროვნული ინტერესებით. ისევე, როგორც ჩვენ ვაღიარებთ, რომ სხვა ქვეყნებს აქვთ საკუთარი ინტერესები და ასე შევდივართ დიალოგში.
თავად რუბიოს აქვს გაცხადებული, რომ აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკა ეფუძნება შემდეგ პრინციპს, რომ ისინი აღიარებენ სხვა ერების ეროვნულ ინტერესებს და მათ ესაუბრებიან საკუთარი და სხვა ერების იმ მოცემულობით, რომ სხვა ერები საუბრობენ თავისი ინტერესებიდან გამომდინარე. ამიტომ მთავარი ამოცანა, მარკო რუბიოს მხრიდან გაცხადებული, აშშ-ს ადმინისტრაციის საგარეო მიმართულებაში არის ის, რომ ეძებონ სად ემთხვევა ეს ინტერესები – ამერიკელი ხალხის და სხვა ხალხების, ამ შემთხვევაში ქართველი ხალხის ინტერესები და ამ ურთიერთთანხვედრის საფუძველზე მოხდეს პოლიტიკური პარტნიორობა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.