ქანთარია ოპოზიციას: კარგად გვახსოვს თქვენი აღვირახსნილი კამპანიები საპატრიარქოს და ეკლესიის მიმართ

„ძალიან კარგად გვახსოვს აღვირახსნილი კამპანიები საპატრიარქოს და ეკლესიის მიმართ და იმედი მაქვს, რომ პატრიარქი, ჩვეული სიბრძნით, პრობლემებს დაალაგებს ჩვენი ზედმეტი ჩარევის გარეშე”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას საპატრიარქოში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.
დეპუტატმა საზოგადოებას ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით თავშეკავებისკენ მოუწოდა.
ამასთან, ნუკრი ქანთარიამ, სიტყვით გამოსვლისას, საპარლამენტო ოპოზიციასაც მიმართა და მათ წარსულში საპატრიარქოს მიმართ „აღვირახსნილი კამპანიები“ გაახსენა.
“რაც შეეხება პროკურატურის მიმართ გამოთქმულ გარკვეული სახის ბრალდებებს, მინდა, გარკვევით ვთქვა, რომ პროკურატურამ გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა. შეიძლება, იყოს გარკვეულწილად სხვადასხვა აზრი, რამდენად, რა ტონალობაში, როგორი ემოციით უნდა გაეკეთებინა მთავარ პროკურორს ეს განცხადება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა დაველოდოთ სწორედ გამოძიებას. მან უნდა გაარკვიოს მტყუანი და მართალი, ვინ ბრალიანია და ვინ უბრალო და ზედმეტი ინტერპრეტაციებით არ უნდა მივცეთ სახიფათო პროცესებს გასაქანი. მე დიდი იმედი მაქვს, რომ სწორედ ეს განცხადება, რომელიც საპატრიარქოს მდივანმა გააკეთა, ამის შემდეგ შეწყდება ამაზე სხვადასხვა ვერსიის გამოთქმის საფუძველი. რაც შეეხება ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგებს, რომლებმაც რატომღაც მოინდომეს პროკურორის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება, ეს ამბავი ძალიან რბილად რომ ვთქვა, რა თქმა უნდა, ღიმილს იწვევს და ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ გადაითვალეთ მაინც ერთმანეთი, რამდენს აღწევთ პარლამენტში და რამდენად გაქვთ საშუალება, სულ რომ ყველას გინდოდეთ ამის გაკეთება…
ყველას ძალიან კარგად გვახსოვს აღვირახსნილი კამპანიები საპატრიარქოს და ეკლესიის მიმართ და ვფიქრობ, ამ კონტექსტში შეიძლება ამის განხილვაც. დიდი იმედი მაქვს, რომ პატრიარქი, ჩვეული სიბრძნით, პრობლემებს დაალაგებს, ჩვენი ზედმეტი ჩარევის გარეშე. მინდა, ვთხოვო საზოგადოებას, ამ მხრივ ვიყოთ მაქსიმალურად თავშეკავებულნი, რადგან საქმე ეხება ჩვენს სულიერ სხეულს”,- განაცხადა ქანთარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები