“საქართველო არის საიმედო მოკავშირე, როგორც დემოკრატიული პრინციპების დაცვის, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით” ​

ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში, საქართველო-ნატოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს (GNIC) შეხვედრა გაიმართა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართეს.
მათ შორის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ, პაოლო ალისასთან და გენერალურ მდივან დევიდ ჰობსთან, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან, ჯეიმს აპატურაისთან, ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე ტაჩან ილდემთან, საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს წევრებსა და ალიანსში გერმანიის, ლიტვის, თურქეთის მუდმივ წარმომადგენლებთან, ასევე, აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილესთან. ნატოს შტაბ-ბინაში გამართული შეხვედრებისას მხარეებმა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი, რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები განიხილეს.
შეხვედრებზე ყურადღება 2017 წლის 26-29 მაისს საქართველოში დაგეგმილ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის მნიშვნელობას და ამ მაღალი დონის ღონისძიებისთვის მზადების პროცესზე გამახვილდა. ალიანსისა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებმა საქართველოს ახლადარჩეულ პარლამენტის წევრებს ასამბლეის სამომავლო პრიორიტეტებისა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებების თაობაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ასევე, კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ დემოკრატიული გარდაქმნების მხრივ, საქართველო ლიდერია.
განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა საქართველოში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მაღალ სტანდარტზე, საერთაშორისო მისიებში საქართველოს მიერ შეტანილ წვლილზე და რეფორმებზე, ასევე, საზოგადოების მხრიდან საქართველოს ევრო-ატლანტიკური კურსის მაღალ მხარდაჭერაზე. საქართველოს დელეგაციის წევრებმა, შეხვედრებისას, ხაზი გაუსვეს, რომ ნატოში გაწევრიანება საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პრიორიტეტია და შესაბამისად, ქართული მხარე მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართავს ამ პროცესში შემდგომი წინსვლის მისაღწევად. აღინიშნა, რომ საქართველო განაგრძობს ყველა პრაქტიკული მექანიზმის, ნატო-საქართველოს კომისიის, წლიური ეროვნული პროგრამისა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ეფექტიან გამოყენებას, ალიანსის წევრობისთვის მზადების პროცესში. ცალკე აღინიშნა შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით ნატოში მიმდინარე დისკუსიებსა და კონკრეტულ აქტივობებში საქართველოს მონაწილეობის განსაკუთრებული მნიშვნელობა. ალიანსისა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგულია.
მათ ხაზი გაუსვეს ალიანსის მზაობას, პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერა გაუწიონ საქართველოს, ალიანსის წევრობისთვის მზადების პროცესში. ნატოს წარმომადგენლებმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატეს საქართველოს მიერ საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში, კერძოდ, ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში” შეტანილი წვლილისთვის და ხაზი გაუსვეს ალიანსის ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. “საქართველოს ევრო-ატლანტიკური კურსი და არჩევანი მტკიცეა, რასაც საზოგადოებრივი აზრი, ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმები და გადაწყვეტილებები ადასტურებს. საქართველო არის საიმედო მოკავშირე როგორც დემოკრატიული პრინციპების დაცვის, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით”, – განაცხადა დელეგაციის ხელმძღვანელმა, არჩილ თალაკვაძემ.
ქართველი პარლამენტარების ვიზიტის ფარგლებში, ასევე, გაიმართა კონსულტაციები ნატოსთან საქართველოს წარმომადგენლობაში. ქართული მხარის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ნატოში აშშ-ის მისიის მიერ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პატივსაცემად გამართულ მიღებაში, რომელშიც ალიანსის წევრი ქვეყნების პარლამენტარები მონაწილეობდნენ. ბრიუსელში გამართული შეხვედრები პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ შეაფასა. „ძალიან პროდუქტიული და სასარგებლო ვიზიტი შედგა. ყველა შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ნატოსა და საქართველოს შორის არსებული ინტენსიური პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობა და ჩვენმა პარტნიორებმა ძალიან დადებითად შეაფასეს საქართველოს მიერ არაერთ სფეროში გატარებული წარმატებული რეფორმები. ასევე, ვისაუბრეთ თბილისში დაგეგმილ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის შესახებ.
ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, საქართველოს ნატოში ინტეგრაციის შემდგომი გაღრმავების კუთხით”, – აღნიშნა სოფიო ქაცარავამ. ნატოს შტაბ-ბინაში გამართულ შეხვედრებს საქართველოს პარლამენტის მხრიდან არჩილ თალაკვაძე, სოფიო ქაცარავა, ირაკლი ბერაია, სერგი კაპანაძე, ბექა ოდიშარია, გიორგი კანდელაკი და ცოტნე ზურაბიანი დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები