არჩილ გამზარდია: ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა უნდა განმარტოს, რატომ ამოჭრეს ფრაზები პატრიარქის მიმართვიდან

 საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია პატრიარქის ვიდეომიმართვიდან ტექსტის ნაწილის ამოჭრას ეხმაურება.
როგორც გამზარდია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა აუცილებლად უნდა გააკეთოს განმარტება, თუ რატომ ამოჭრეს პატრიარქის მიმართვის ის ნაწილი, სადაც პატრიარქი დეკანოზ გიორგი მამალაძეს უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებს.
“ობიექტივი” ავრცელებს პატრიარქის ჩანაწერის სრულ ვერსიას, რაც ნათლად აჩვენებს, რომ ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ამოჭრილი ვერსია გაავრცელა, მას აკლია რამდენიმე წინადადება პატრიარქის მხრიდან მამა გიორგი მამალაძის ქმედებებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, მეუფე ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა აუცილებლად უნდა გააკეთოს განმარტებები და ახსნას, რატომ მოაჭრა პატრიარქის ტექსტს ნაწილი და რა მიზნით გაავრცელა მხოლოდ დადებითი კონტექსტი მამალაძის მიმართ, ხოლო პატრიარქის მხრიდან დასმული შეკითხვები დამალა”, – წერს გამზარდია.
მედიაკავშირი „ობიექტივი“ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ოპერაციის შემდეგ გადაღებული ვიდეოჩანაწერის სრულ ვერსიას ავრცელებს, სადაც ილია მეორემ მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების საქმეზე დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა. „ობიექტივის“ ინფორმაციით, პატრიარქის ჩანაწერის სრული ვერსია არ გავრცელდა და მასალიდან მნიშვნელოვანი ფრაზა ამოჭრეს – „რა მოხდა, რატო მოხდა, რომ მამა გიორგი ლაპარაკობს ხან ერთს, ხან მეორეს? ვისი დავალებით ხდება ეს?“ „მე ასევე, მინდა შევეხო იმ უცნაურ და არანორმალურ სიტუაციას, რომელიც დაკავშირებულია მამა გიორგი მამალაძესთან. მე ვიცნობ მამა გიორგის კარგა ხანია და კარგის მეტი მე არაფერი მომისმენია და მინახავს მისგან. რა მოხდა, რატომ მოხდა, რომ მამა გიორგი ლაპარაკობს ხან ერთს, ხან მეორეს… ვისი დავალებით ხდება ეს?“ – ბრძანა პატრიარქმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები