ა/ო “ახალგაზრდები პროგრესისთვის” თავმჯდომარე „რუსთავი 2“-ის აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდები პროგრესისთვის” თავმჯდომარე ირაკლი ქომეთიანი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აქციის განხორციელებისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული პარტიული რესურსის სრული მობილიზება ხდება, რაშიც თითოეული აქტივისტი გარკვეულ თანხას მიიღებს.
„მოგეხსენებათ, „რუსთავი 2“ ხვალისთვის გეგმავს აქციას, რაზეც დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წამოწყებული კიდევ ერთი აგორებული ბინძური კამპანიაა, რომლითაც უნდათ სპეკულირება და გავლენა იქონიონ საზოგადოებაზე, თითქოს მათი, მედიის თავისუფლება იზღუდება და სასამართლო  ხელისუფლების დავალებით მოქმედებს მათ წინააღმდეგ, თუმცა სიმართლე არის ის, რომ  ეს არის დავა ორი პირის-კანონიერ მეპატრონე ქიბარ ხალვაშსა და წართმეული ქონების მიმთვისებელ, სააკაშვილის მეგობარ ყარამანაშვილს შორის.
მე უტყუარ ინფორმაციას ვფლობ, „თავისუფალი ზონის“ რამდენიმე წევრისგან, რომელთა ვინაობასაც მე შეგნებულად არ ვასახელებ. გადაწყვეტილია, რომ ამ აქციის განხორციელებისთვის სრული მობილიზება ხდება „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული პარტიული რესურსის, რაშიც თითოეული აქტივისტი გარკვეული თანხის სანაცვლოდ უნდა ჩამოვიდეს  რეგიონებიდან თბილისში, რათა აქციას შეუერთდნენ.  ეს არის არა „რუსთავი 2“-ის აქცია, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ შოუ.
გავიხსენოთ წინა პერიოდი, თუ რა ხდებოდა „რუსთავი 2“-ის ეზოში, სადაც გაშლილი იყო კარვები და იქ იმყოფებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები, ასევე  სააკაშვილის დავალებით შეკრებილი ყოფილი სპეცრაზმელები და მისი პირადი დაცვის თანამშრომლები, რომლებიც გაფორმებულები არიან „რუსთავი 2“-ში და დღემდე იღებენ ხელფასს. ეს ხალხი მაშინ გეგმავდა შიდა პროვოკაციას და ამ პროვოკაციით უნდოდათ რევოლუციური ტალღის აგორება. იმ პერიოდში გვახსოვს სააკაშვილის სატელეფონო ჩანაწერი, რომელიც გაავრცელა უკრაინულმა წყარომ, სადაც საუბარი იყო გეგმებზე, სააკაშვილს  უნდოდა, ყოფილიყო მსხვერპლი.
აქციით, რომელიც „რუსთავი 2“-მა დააანონსა, ხელოვნურად ცდილობენ, რომ გაამწვავონ წინასწარ, რაზეც მათი დღევანდელი გათიშული მაუწყებლობა მეტყველებს წარწერით: “ვაპროტესტებთ უსამართლობას“.
მინდა საზოგადოებას მოვუწოდო, რომ არ შეუერთდნენ ამ აქციას, რადგან  ყველამ კარგად ვიცით „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა და მათი მმართველობის პერიოდში განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებები, რომელიც წარუშლელ კვალს ტოვებს  ჩვენს ისტორიაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები