საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ევროპარლამენტარ ანა გომეშს შეხვდნენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დღეს საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპის პარლამენტის წევრს, ანა გომეშს შეხვდნენ. როგორც “კვირას” პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრაზე საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს, ყურადღება დაეთმო ასევე საქართველოს პარლამენტის საქმიანობას და მისი გაუმჯობესების გზებს, ევროპარლამენტთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივას.
„ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ანა გომეშს. ჩვენ ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, მათ შორის “რუსთავი 2”-ისა და “საზოგადოებრივი მაუწყებლის” თაობაზე, ზოგადად, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, ფრაქციების ურთიერთობასა და საპარლამენტო საქმიანობის შესახებ.  ვფიქრობ, რომ ჩვენი ერთობლივი შემდგომი მუშაობა,  საუბარია ევროპის პარლამენტის მუშაობაზე ჩვენს ფრაქციასთან მიმართებით, ძალიან ნაყოფიერი იქნება. ქალბატონ ანასგან პირობა მივიღეთ, რომ ამ საკითხებთან მიმართებაში ის საფუძვლიან დახმარებას გაგვიწევს”, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ევროპის პარლამენტის წევრის, ანა გომეშის ვიზიტის მიზანი საქართველოს პარლამენტის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების მხრივ, ქართული მხარის საჭიროებების გაცნობა და თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, სამომავლო ნაბიჯების დაგეგმვაა. პარლამენტში გამართული შეხვედრებიც ამ მიზანს ემსახურებოდა.
ევროპარლამენტარმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან დღეს გამართული შეხვედრით, საქართველოში ორდღიანი ვიზიტით დაგეგმილი შეხვედრები დაასრულა. ვიზიტის ფარგლებში, ის შეხვდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, ასევე, ფრაქციების „ნაციონალური მოძრაობა” და „საქართველოს პატრიოტები”, საპარლამენტო უმცირესობის წევრებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები