ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში განთავსებულ ჰენრიხ ჰრინევსკის კედლის მოხატულობას რესტავრაცია ჩაუტარდება
საქართველოში მოღვაწე პოლონელი მხატვრის, ჰენრიხ ჰრინევსკის მიერ მოხატულ ეროვნული ბიბლიოთეკის პირველი კორპუსის დარბაზებს რესტავრაცია ქართულ-პოლონური პროექტით ჩაუტარდება. ეს საკითხი საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში პოლონეთის კულტურის სამინისტროს დელეგაციის სტუმრობისას გადაწყდა.
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას ეწვივნენ: პოლონეთის ელჩი საქართველოში, მარიუს მაშკევიჩი, პოლონეთის კულტურის ატაშე, მარსინ ზოხოვსკი, პოლონეთის კულტურის სამინისტროს უცხოეთში კულტურული მემკვიდრეობისა და ომის პერიოდის დანაკარგების დეპარტამენტის აღმასრულებელი დირექტორი, დოროთა იანიშევსკა-იაკუბიაკი, პოლონეთის ისტორიული ძეგლების რესტავრაციის ინსტიტუტის წარმომადგენლები. სტუმრები ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ მიიღო. შეხვედრას ესწრებოდნენ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კულტურის პროგრამების განყოფილების თანამშრომლები, გულიკო გორდელაძე, მაია სიმონიშვილი, ალა კისილიოვა.
როგორც “სითი კვირას” ეროვნულ ბიბლიოთეკაში განუცხადეს, შეხვედრაზე შედგა მოლაპარაკება, რომ პოლონეთის კულტურის სამინისტრო ხელს შეუწყობს პოლონელ რესტავრატორებს, რომლებიც დეტალურად შეისწავლიან ეროვნული ბიბლიოთეკის პირველ კორპუსში არსებულ, ჰენრიხ ჰრინევსკის უნიკალურ მოხატულობას და მონაწილეობას მიიღებენ მის აღდგენაში. ქართველი და პოლონელი რესტავრატორები ერთობლივად განახორციელებენ სამუშაოებს, თუმცა მანამდე, მაისში, მოხატულობის მდგომარეობას შეისწავლიან. პროექტის დაფინანსებას ნაწილობრივ პოლონეთის მხარე უზრუნველყოფს.
ჰენრიხ ჰრინევსკი 1869 წელს ქალაქ ქუთაისში დაიბადა. იგი საქართველოში მცხოვრები პოლონელი ემიგრანტების შთამომავალი იყო. 1912 წელს მან სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის, დღევანდელი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ერთ-ერთი დარბაზი მოხატა.