მამა გიორგი მამალაძის ექიმი: გულის მიოკარდიული დაზიანება გამოირიცხა

“ჩატარებული კვლევებით, დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის გულის მიოკარდიული დაზიანების შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია გამოირიცხა”, – ამის შესახებ ჩაფიძის გულის ცენტრის სამედიცინო დირექტორმა, ზაზა ლაზარიშვილმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, დეკანოზი სხვადასხვა სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და ყველა აუცილებელი კვლევა უტარდება.
“პაციენტი კლინიკაში 16 საათია შემოსულია. მისი მდგომარეობა სტაბილურია. აუცილებელი კვლევები და კონსულტაციები სხვადასხვა სპეციალისტების მიერ ტარდება. მედიის საშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, გულის მიოკარდიული დაზიანების შესახებ გამოირიცხა. მკურნალობა და კვლევები პროტოკოლის მიხედვით გრძელდება. პაციენტი კლინიკაში რჩება და ყველა აუცილებელი კვლევა ჩაუტარდება, რომელთაგან უმეტესობა 24 საათის განმავლობაში გრძელდება. როცა ყველა მონაცემი გაანალიზდება, მკურნალობის ფორმაზე გადაწყვეტილებას შემდეგ მივიღებთ“, – განაცხადა ლაზარიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ე.წ. მატროსოვის ციხიდან ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში გუშინ გადაიყვანეს. ჩაფიძის კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ზაზა ლაზარაშვილის განცხადებით, დეკანოზი კლინიკაში სინკოპეს (გონების კარგვის) დიაგნოზით შეიყვანეს.
დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, ის მკვლელობის მომზადების ფაქტზეა დაკავებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები