Maayan Nidam-ის ელექტრონულ მუსიკას SPACEHALL უმასპინძლებს

18 თებერვალს, 18:00 საათზე, SPACEHALL-ს Maayan Nidam ეწვევა. სტუმრები ელექტრონული სცენის ვეტერანს, გიო შენგელიასაც მოუსმენენ.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, დიჯეიმ და პროდიუსერმა Maayan Nidam-მა პირველი ალბომი 2009 წელს გამოუშვა. მისი ეს სადებიუტო ალბომი Nightlong (2009) კუბური მუსიკის ელექტრონულ ინტერპრეტაციებს გვთავაზობს.
ელექტრონული მუსიკის სცენაზე თავი დაიმკვიდრა როგორც არტისტმა, რომელიც სტუდიაშიც და ლაივშესრულების დროსაც ერთნაირად წარმატებული და ინოვაციურია. მისი მოულოდნელობებით სავსე სეტები ჰაუსისა და დისკო ჟღერადობებზე კონცენტრირდება და ჯადოსნურ მომენტებს ქმნის მსმენელისათვის.
გიტარის, დრამის, სინთეზატორის, აკუსტიკური ინსტრუმენტების საუნდის მიქსი მის ნამუშევრებს უნიკალურობას სძენს.
მას რამდენიმე მუსიკალური პროექტი აქვს – Miss Fitz, Laverne Radi, მუსიკას კი ისეთ ლეიბლებზე უშვებს, როგორიცაა: Perlon, Cadenza Music, Wolf + Lamb და Tрип.
ებრაელი მუსიკოსის უნიკალურობის ერთ-ერთი მიზეზი მისი წარმოშობა და სამშობლოში გატარებული 20 წელია.  მის ნამუშევრებზე გავლენას არა მხოლოდ თანამედროვე ტენდენციური ტექნო, არამედ ნაციონალური ეთნომუსიკაც ახდენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები