ახალგაზრდული კლუბი „ლატავრა“ აღდგება

15 თებერვალს, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში განახლებული ახალგაზრდული კლუბის „ლატავრას“ წარდგინება გაიმართა.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე, საბალეტო დასის ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ასევე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელები და სტუდენტები დაესწრნენ.
ახალგაზრდულ კლუბში გაწევრება 15-დან 25 წლამდე ნებისმიერ ახალგაზრდას შეეძლება. წევრებს საშუალება ექნებათ, ისარგებლონ სხვადასხვა პრივილეგიით. წევრები მიიღებენ სპეციალურ ფასდაკლებას მიმდინარე სპექტაკლების ბილეთებზე; დაესწრებიან ორკესტრისა და გუნდის, ასევე სადადგმო და გენერალურ რეპეტიციებს; შეხვდებიან სამხატვრო ხელმძღვანელს, სადადგმო ჯგუფის წევრებს, მუსიკოსებს, მოცეკვავეებს, მსახიობებს. ახალგაზრდები ჩაერთვებიან თეატრის სოციალურ პროექტებში და იქნებიან კლასიკური ხელოვნების ერთგვარი ელჩები.
ახალგაზრდულ კლუბ „ლატავრას“, ოპერისა და ბალეტის თეატრის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, რუსუდან მაცაბერიძის ინიციატივით, 2006 წელს ჩაეყარა საფუძველი. 2007 წლის სექტემბერში, კლუბის პრეზენტაციას ესწრებოდნენ: კლუბების ევროპული გაერთიანების Juvenilia-ს პრეზიდენტი საბინ ბროიერი, Opera Europa-ს მენეჯერი ოდრი ჯანგერსი, ასევე ახალგაზრდული კლუბის წევრები სხვადასხვა ქვეყნიდან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები