გია ვოლსკი გიორგი მამალაძის დაკავებასთან დაკავშირებით: ეს მთლიანი მზაკვრული გეგმის რაღაც ფრაგმენტს ჰგავს ​

მკვლელობის მომზადების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა დეპუტატმა გია ვოლსკიმ. ვოლსკი იმედოვნებს, რომ ყველა კითხვას უახლოეს მომავალში გაეცემა პასუხი.
“ეს მთლიანი მზაკვრული გეგმის რაღაც ფრაგმენტს ჰგავს. მე ვფიქრობ, რომ უბედურებას გადავრჩით. რაში გამოიხატება ეს უბედურება, რა ადასტურებს, რომ ეს შესაძლოა, რეალურად მომხდარიყო და მთელ რიგ შეკითხვებზე პასუხი, რაც პროკურატურამ დღეს ღიად დატოვა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში იქნება ნათელი”,- განაცხადა ვოლსკიმ.
პროკურატურამ მკვლელობის მომზადების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ მამა გიორგი მამალაძე განმცხადებელს სთხოვდა, შემჭიდროებულ ვადებში, შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებას, რის სანაცვლოდაც მზად იყო, გადაეხადა ფულადი თანხა, ხოლო თავის მხრივ, გაწეული დახმარებისთვის, ჰპირდებოდა მომავალში გარკვეულ არამართლზომიერ სარგებელს. როგორც გაირკვა, გ.მამალაძე აპირებდა გერმანიაში გამგზავრებას, სადაც პატრიარქი იმყოფებოდა სამკურნალოდ, მის თანმხლებ პირებთან ერთად და მას შხამიანი ნივთიერება გამგზავრებამდე სჭირდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები