დეკანოზი შიო დაკავებულ გიორგი მამალაძეზე: პატრიარქისთვის საჭმელი თავისი ხელით შეჰქონდა
მკვლელობის მომზადების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებასთან დაკავშირებით, პირველი კომენტარი გააკეთა ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა შიო პაიჭაძემ. დეკანოზი აცხადებს, რომ გიორგი მამალაძეს საქართველოს პატრიარქი ძალიან უყვარდა და მისთვის საჭმელიც არაერთხელ მიუტანია.
„არ მჯერა ამ ფაქტის, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ ეს ადამიანი არის პოტენციური მკვლელი. რა მნიშვნელობა აქვს, მოკლა თუ არ მოკლა, შესრულდა თუ არ შესრულდა. ადამიანზე უნდა ვთქვათ, რომ მკვლელია?! – ეს ძალიან რთული ბრალდებაა. მე არც ჩვენს სპეცსამსახურებს გავაკრიტიკებ ამ კუთხით, აქ რაღაცა სხვა სიტუაციაა, ალბათ უფრო გაურკვევლობაა.
მესმის, რომ ზოგადად, სპეცსამსახურების მოვალეობაა, რომ გააკონტროლოს სიტუაცია,მაგრამ მე არ მჯერა, რომ სასულიერო პირმა მსგავსი რამ იკადროს. ძალიან უყვარდა პატრიარქი და პატრიარქიც ენდობოდა, საჭმელი თავისი ხელით შეჰქონდა. მე ეს მინახავს, ისეთი მამობრივი დამოკიდებულება ჰქონდა და ასეთი ბრალდება წარმოუდგენელი რამ არის“, – აცხადებს დეკანოზი შიო პაიჭაძე.
პროკურატურამ მკვლელობის მომზადების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ მამა გიორგი მამალაძე განმცხადებელს სთხოვდა, შემჭიდროვებულ ვადებში, შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებას, რის სანაცვლოდაც მზად იყო, გადაეხადა ფულადი თანხა, ხოლო თავის მხრივ, გაწეული დახმარებისთვის, ჰპირდებოდა მომავალში გარკვეულ არამართლზომიერ სარგებელს.
როგორც გაირკვა, გ.მამალაძე აპირებდა გერმანიაში გამგზავრებას, სადაც პატრიარქი იმყოფებოდა სამკურნალოდ მის თანმხლებ პირებთან ერთად და მას შხამიანი ნივთიერება გამგზავრებამდე სჭირდებოდა.