მეუფე იაკობი: თუ ვიღაცა რაღაცას აკეთებდა, ის მარტო ვერ გააკეთებდა
“თუ ვიღაცა რაღაცას აკეთებდა, ის მარტო ვერ გააკეთებდა”, – ამის შესახებ პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა მამა გიორგი მამალაძის დაკავების საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
მეუფე იაკობის ინფორმაციით, პატრიარქის დაცვა გაძლიერდა. მეუფე იაკობი საქმის დეტალებზე ვერ საუბრობს და აცხადებს, რომ პროკურატურის განცხადებას უნდა გაეცნოს.
მან დაკავებულ მამა გიორგი მამალაძეზე საუბრისგან თავი შეიკავა. „დაკავებულ ადამიანზე რა გელაპარაკოთ. სანამ გამოძიება მიმდინარეობს, მე არ მინდა რამე ვთქვა. არ ვარ საქართველოში, გავეცნობი საქმის დეტალებს. მე არ ვიცი, რას შეეხებოდა საქმე, მოწამვლას თუ არა, პროკურატურის განცხადებას უნდა გავეცნო. თუ პროკურატურა აცხადებს, ალბათ ბოლომდეც გაიხსნებიან. მე ერთი რამე ვიცი, რომ უწმინდესთან დაცვა გაძლიერდა. ახლა იცავს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური. ვერავის ვერ დავდებ ბრალს. თუ ვიღაცა რაღაცას აკეთებდა, ის მარტო ვერ გააკეთებდა,”,-აცხადებს მეუფე იაკობი. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 10 თებერვალს პროკურატურამ საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსი, მამა გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავა.
აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს, ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომელმაც საქართველოს პროკურატურას მიმართა და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა, მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. აღნიშნული განცხადების მიღებისთანავე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, საქართველოს პროკურატურაში დაიგეგმა და ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება.