თეა წულუკიანი: გადავრჩით ტრაგედიას, რომელიც ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაციასაც გამოიწვევდა

“ჩვენ რეალურად გადავრჩით ტრაგედიას, რომელიც არამხოლოდ ეკლესიის დესტაბილიზაციას, არამედ ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაციასაც გამოიწვევდა”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მამა გიორგი მამალაძის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, პატრიარქი და მასთან მყოფი სასულიერო პირებიც უსაფრთხოდ და საიმედო ხელში არიან.
„ჩვენ რეალურად გადავრჩით ტრაგედიას, რომელიც არამხოლოდ ეკლესიის დესტაბილიზაციას, არამედ ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაციასაც გამოიწვევდა და ეს იქნებოდა ეროვნული ტრაგედია თითოეული ჩვენგანისთვის. ძალიან კარგი სამუშაო ჩაატარეს სამართალდამცველებმა, რადგანაც ამ ოპერაციამ უხმაუროდ ჩაიარა.
დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პატრიარქის და მისი თანხმლები მაღალჩინოსანი პირების უსაფრთხოება არის დაცული. პატრიარქი უკვე საიმედო ხელშია. იქ პრემიერ-მინისტრის დავალებით იმყოფება სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე“, – განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 10 თებერვალს პროკურატურამ საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსი, მამა გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავა. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს, ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომელმაც საქართველოს პროკურატურას მიმართა და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა, მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. აღნიშნული განცხადების მიღებისთანავე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, საქართველოს პროკურატურაში დაიგეგმა და ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები