რუსეთის საპატრიარქო ილია მეორეს მოწამვლის მცდელობას „უცნაურ ისტორიას“ უწოდებს
“საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს მკვლელობის მცდელობის ისტორია ძალზე უცნაურად გამოიყურება და აუცილებელია გამოძიების დასრულების დალოდება”, – ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტის“ რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენელმა, იგორ იაკიმჩუკმა განუცხადა.
„რაც შეეხება ამ კონკრეტულ ფაქტს, სჯობს, გამოძიების შედეგებს დაველოდოთ. ეს ისტორია ძალზე უცნაურად გამოიყურება, მით უმეტეს, რომ ილია მეორე ამჟამად სამკურნალოდ გერმანიაში იმყოფება“, – განაცხადა იაკიმჩუკმა.
მისი თქმით, ბოლო ასწლეულებში ასეთი შემთხვევის გახსენება რთულია. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის საპატრიარქოში უჭირთ იმის თქმა, რამდენად სანდო ინფორმაციაა პატრიარქის მკვლელობის მცდელობა.
მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ ილია მეორეს ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა რუსეთის ეკლესიასთან.
ცნობისთვის, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავა. ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც შოთაძემ აღნიშნა, მამალაძემ ერთ-ერთ პირს სთხოვა საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის საშუალებითაც უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.