არჩილ თალაკვაძე: დაცვის გაძლიერებული ზომები გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც იქნება საჭირო
“როდესაც გამოვლინდა და აღიკვეთა ასეთი დანაშაული, ავტომატურ რეჟიმში, პატრიარქის უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.
„როდესაც გამოვლინდა და აღიკვეთა ასეთი დანაშაული, ავტომატურ რეჟიმში, პატრიარქის უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა. ძალიან კარგია, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი სწრაფად ჩაფრინდა ბერლინში, პატრიარქის უსაფრთხოების დასაცავად. გაძლიერებული ზომები გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც იქნება საჭირო – ამას შესაბამისი ორგანოები გადაწყვეტენ. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენს გარდა და დაცვის წევრების გარდა, პატრიარქს იცავს ღმერთი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა იმუშავეს ძალიან ეფექტურად.
„ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ქირურგიულმა ჩარევამ კარგად ჩაიარა და პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება პროკურატურის მიერ გასაჯაროებულ ინფორმაციას, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა იმუშავეს ძალიან ეფექტურად. დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება გასცემს პასუხს ყველა იმ შეკითხვას, რაც ამ ეტაპზე საზოგადოებას აქვს და გაირკვევა უფრო მეტი ამ საქმესთან დაკავშირებით“, – განაცხადა თალაკვაძემ.