კახა კალაძე დაკავებული დეკანოზის დანაშაულებრივ გეგმებს საქართველოზე თავდასხმად აფასებს
“დეკანოზ გიორგი მამალაძის მიერ მაღალი სასულიერო იერარქიის წარმომადგენელზე დაგეგმილი თავდასხმა სრულიად საქართველოზე მიყენებული დარტყმა იქნებოდა”, – ამის შესახებ ვიცე–პრემიერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძე სამართალდამცავ ორგანოებს მადლობას უხდის.
„უმძიმესი დანაშაულის ჩადენა იქნა თავიდან აცილებული. ვფიქრობ, რომ ეს კარგად გათვლილი გეგმა იყო და ჩაფიქრებული იყო ამის განხორციელება. ეს არ იქნებოდა დარტყმა მხოლოდ ეკლესიაზე, მხოლოდ მართლმადიდებელ მრევლზე, ეს იქნებოდა დარტყმა სრულიად საქართველოზე. თუმცა, ეს ყველაფერი არ გამოუვიდათ. მინდა მადლობა გადავუხადო შესაბამის სამსახურებს, პროკურატურას. დაველოდოთ გამოძიების დასრულებას. ერთი რამ მინდა ვთქვა – ყველა დამნაშავე, ვინც გამოვლინდება, კანონის წინაშე უმკაცრესად დაისჯება. გამოძიება მუშაობს სხვადასხვა ვერსიაზე სხვადასხვა მიმართულებით და ყველაფერი გახდება ცნობილი“, – განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 10 თებერვალს პროკურატურამ საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსი, მამა გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავა. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს, ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომელმაც საქართველოს პროკურატურას მიმართა და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა, მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. აღნიშნული განცხადების მიღებისთანავე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, საქართველოს პროკურატურაში დაიგეგმა და ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება.