თამარ ჩუგოშვილი: სამართალდამცავმა ორგანოებმა შეძლეს და ქვეყანას თავიდან ტრაგიკული დანაშაული ააცილეს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, სამართალდამცავმა ორგანოებმა შეძლეს და ქვეყანას თავიდან ტრაგიკული დანაშაული ააცილეს.
როგორც ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პატრიარქის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ამ წუთში არანაირი საფრთხე არ ემუქრება.
“ინფორმაცია მხოლოდ ის მაქვს, რაც პროკურატურის მხრიდან გაჟღერდა. ამ ინფორმაციის მოსმენა ჩემთვის იყო შოკისმომგვრელი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პატრიარქის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ამ წუთში არანაირი საფრთხე არ ემუქრება, როგორც ოპერაციიდან გამომდინარე, ასევე ამ შემზარავი დანაშაულის აღკვეთიდან გამომდინარე. მე ვფიქრობ, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა შეძლეს და ქვეყანას ტრაგიკული დანაშაული ააცილეს თავიდან”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 10 თებერვალს პროკურატურამ საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსი, მამა გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზე  დააკავა.
აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მიმართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. აღნიშნული განცხადების მიღებისთანავე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, საქართველოს პროკურატურაში დაიგეგმა და ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები