ირაკლი შოთაძე: მამა გიორგი მამალაძის მიერ სავარაუდოდ დაგეგმილი დანაშაულის მოტივი ანგარებაა
“მამა გიორგი მამალაძის მიერ სავარაუდოდ დაგეგმილი დანაშაულის მოტივი ანგარებაა”, – ამის შესახებ მთავარ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ განაცხადა.
„ამ ეტაპზე რაც დგინდება, ანგარებითი მოტივია“, – განაცხადა შოთაძემ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 10 თებერვალს პროკურატურამ საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსი, მამა გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავა. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს, ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომელმაც საქართველოს პროკურატურას მიმართა და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა, მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. აღნიშნული განცხადების მიღებისთანავე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, საქართველოს პროკურატურაში დაიგეგმა და ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება.