ილია ჭანტურაია: ჩემი დისციპლინარული დევნის მიზეზად “ჭორაობას” ასახელებდნენ

“ჩემი გათავისუფლება რამდენჯერმე მოხდა, რაც გავასაჩივრე საქალაქო სასამართლოში და სამამართლომ გამამართლა”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე სახალხო დამცველის ოფისის საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა, ილია ჭანტურაიამ განაცხადა.
ილია ჭანტურაიას განმარტებით, ის სახალხო დამცველმა უსაფუძვლოდ რამდენჯერმე გაათავისუფლა და როგორც თავად აღნიშნავს, გათავისუფლება უარგუმენტოდ ხდებოდა. ილია ჭანტურაია საქალაქო სასამართლომ გაამართლა და იგი სამსახურში აღადგინეს, სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, სახალხო დამცველის აპარატს დაეკისრა ჭანტურაიას იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაც.
„ჩემი გათავისუფლების მიზეზად „ჭორაობას“ ასახელებდნენ, თითქოს მე ვჭორაობდი თანამშრომლებზე, ასევე, თითქოს გამქონდა ბაზიდან სხვადახვა ინფორმაციები. სახალხო დამცველმა პირველად 2016 წელს გამათავისუფლა, მისი მზიანია მე არ დავბრუნდე აპარატში, მასვე დაეკისრა ხელფასის ანაზღაურება. მე თვეში მქონდა 2000 ლარზე მეტი და უნდა ანაზღაურდეს თვეების მიხედვით, თუმცა მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილებისა, დღემდე არ მინაზღაურდება დაკარგული ხელფასი“, – განაცხადა ილია ჭანტურაიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ილა ჭანტურაია სახალხო დამცველის მოადგილეზე, პაატა ბელთაძეზეც საუბრობს, რომელიც ასევე გაათავისუფლეს, თუმცა ის სამსახურში აღდგენას არ ითხოვს.
„მე ვსაუბრობდი აპარატში არსებულ დარღვევებზე. ბელთაძე გათავისუფლდა პირადი განცხადების საფუძველზე, თუმცა ამას წინ უძღოდა სახალხო დამცველის მოთხოვნა, რომ დაეწერა განცხადება გათავისუფლებაზე. ბრალდება მის მიმართ ის იყო, რომ ბელთაძე ვერ აღუდგა წინ მერსედესის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის აღკვეთას და სახალხო დამცველს ჰქონდა მის მიმართ პრეტენზია, თუ რატომ ვერ აღუდგა წინ ჩემს მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს, ამის შესახებ მესაუბრა მე ბატონი პაატა“, – განაცხადა ილია ჭანტურაიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე. ილია ჭანტურაია აცხადებს, რომ იგი მზად არის, თავის ყოფილი თანამდებობა დაიბრუნოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები