ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში, 40 წლის ქალი, სავარაუდოდ, დეიდაშვილის შვილმა სხვა პირებთან ერთად გააუპატიურა
ქობულეთის რაიონის ერთ–ერთი სოფლის მკვიდრი 40 წლის ქალი თავისი დეიდაშვილის შვილმა, სავარაუდოდ, რამდენიმე სხვა პირთან ერთად გააუპატიურა. ამის შესახებ გამოცემა „ბათუმელები“ იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, ქალი ნათესავმა სახლიდან მოტყუებით გაიყვანა.
პოლიციაში შეტყობინება მას შემდეგ შევიდა, რაც ოჯახის ახლობლებმა 26 წლის მამაკაცს ქალის ცოლად შერთვა კატეგორიულად მოსთხოვეს.
“ბათუმელებს” სოფელში უთხრეს, რომ ქალმა არ იცის თვლა, საათის ცნობა და ასე შემდეგ.
“რამდენიმე დღის წინ, სახლიდან მოულოდნელად გავიდა და უკან მეორე დღეს დაბრუნდა. უთქვამს, რომ სახლიდან გასვლამდე ტელეფონზე ვიღაც ბიჭი გაეცნო და გარეთ გასვლა სთხოვა. „უცნობი ბიჭი“ მისი დეიდაშვილის შვილი აღმოჩნდა, რომელიც დაზარალებულთან სოფელში ტაქსით ასულა. სავარაუდოდ, დამნაშავემ მანქანით ქალი ქობულეთში, ერთ-ერთ საზაფხულო კოტეჯში მიიყვანა.“
სტრესულ მდგომარეობაში მყოფი ქალი, ფიზიკური დაზიანებებით, მეორე დღეს საკუთარ სახლში ისევ ნათესავს აუყვანია – ვიღაცას გაუუპატიურებია და სადგურთან ვიპოვეო.
“ნათესავს დანაშაულის აღიარებამ მას შემდეგ მოუწია, როცა სოფლის ერთ-ერთმა მცხოვრებმა თქვა, რომ თურმე, ქალის ოჯახთან ახლოს გაჩერებული ტაქსი დაინახა და მანქანის ნომერიც ახსოვდა. ამის შემდეგ, ქალის დეიდაშვილის შვილმა აღიარა, რომ მასთან ერთად ქალი რამდენიმე სხვა მამაკაცმაც გააუპატიურა. ეს ინფორმაცია ნათესავებს თავად ტაქსის მძღოლმაც დაუდასტურა”, – უთხრეს “ბათუმელებს” სოფელში.
ოჯახმა, ახლობლების გადაწყვეტილებით, მამაკაცს ქალის ცოლად შერთვა მოსთხოვა. ამ ისტორიის შესახებ ინფორმაცია ქობულეთის პოლიციის განყოფილებაში გუშინ საღამოს შევიდა, მას შემდეგ, რაც მამაკაცმა ქალის ცოლად შერთვაზე უარი თქვა.
„გუშინ, 9 თებერვალს, შემოვიდა ინფორმაცია პოლიციაში. დანიშნულია ექსპერტიზა და მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით“, – უთხრეს „ბათუმელებს“ შინაგან საქმეთა სამინსიტროს პრესსამსახურში.
137-ე მუხლი გაუპატიურებას გულისხმობს და 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.