უჩა ნანუაშვილი: ხელისუფლებამ ყველა ზომას უნდა მიმართოს, რომ პროცესები არ გახდეს უმართავი
“ხელისუფლებამ ყველა ზომას უნდა მიმართოს, რომ პროცესები არ გახდეს უმართავი”, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელში გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ომბუდსმენმა აღნიშნა, “საზოგადოებრივ მაუწყებელთან” დაკავშირებით კითხვები კვლავ არსებობს და საზოგადოებამ უნდა მიიღოს პასუხები, რატომ არის საჭირო რადიკალური ცვლილებები.
“უნდა მივიღოთ პასუხები, რატომ არის საჭირო ასეთი რადიკალური ცვლილებები “საზოგადოებრივ მაუწყებელზე”, რატომ უნდა დაიხუროს ტელე-რადიო გადაცემები, მით უმეტეს, იმ დროს, როდესაც ქვეყანაში მიმდინარეობს საკმაოდ აქტიური პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროცესები.
მაუწყებელი არის ვალდებული, იმაუწყებლოს მთელი ქვეყნის მასშტაბით და მოსახლეობას მიაწოდოს ინფორმაცია. საუბარია კანონის მოთხოვნებზე, რომელიც მათ შორის, ამ 11 თვის განმავლობაში უნდა იყოს დაცული. საქართველოს მოსახლეობას აქვს უფლება, მიიღოს ინფორმაცია და მაუწყებელია, პირველ რიგში, პასუხისმგებელი ამ უფლების რეალიზაციაზე”, – აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა.