საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭო განცხადებას ავრცელებს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭო აქციის მონაწილეების მაუწყებლის ფოიეში შეჭრის ფაქტს ეხმაურება.
„9 თებერვალს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული აქციის მონაწილეები ნებართვის გარეშე შემოიჭრნენ მაუწყებლის ფოიეში და ძალადობრივი გზით გავიდნენ პირდაპირ ეთერში.
ამ ფაქტს ვაფასებთ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლად და საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის უხეშ ხელყოფად. ძალადობრივ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს.
მომხდარი ფაქტი არის სახიფათო პრეცედენტი, საგანგაშო სიგნალი, რომელიც საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივი მაუწყებლის შემდგომ ნორმალურ ფუნქციონირებას. მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში და პირდაპირ ეთერში შეჭრის ფაქტი უნდა გახდეს საზოგადოების მხრიდან აქტიური მსჯელობის საგანი, რათა ადეკვატურად გავაცნობიეროთ მომხდარის მნიშვნელობა და თავიდან ავიცილოთ შემდგომი გართულებები.
მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს, მედიის ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს, მოქალაქეებს, ნუ წაახალისებენ ძალადობას და გაემიჯნონ აგრესიულ ქმედებებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები