მოსამართლე ნატა ნაზღაიძე ბრალდებებს პასუხობს

მოსამართლე ნატა ნაზღაიძე მისი და მისი ოჯახის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს პირველად პასუხობს. „ქრონიკისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ნაზღაიძე „რუსთავი 2“-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტს ცრუ ბრალდებად აფასებს.
ნატა ნაზღაიძის მტკიცებით, მისი მისამართით გამოთქმული ბრალდებები საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და მისი, როგორც „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლის დისკრედიტაციას ემსახურება.
„მინდა სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ აღნიშნული განცხადება არის ცრუ ბრალდება, რომელიც მიზნად ისახავს, არამხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, არამედ ჩემი, როგორც მოსამრთლის და „რუსთავი 2“-ის საქმის განმხილველი კოლეგიური შემადგენლობის ერთ-ერთი წევრის დისკრედიტაციას.
საქმის რეალური ვითარება მდგომარეობს შემდეგში: სტუმრად იმყოფებოდნენ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტები კომპენსაციის საკითხთან დაკავშირებით, რაზედაც ჩემმა ძმამ მათ მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია და განუმარტა, რომ შესატყვისი მტკიცებულებები მას ხელთ ექნებოდა 2 დღის განმავლობაში“, – აღნიშნა ნატა ნაზღაიძემ.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2“-მა ნატა ნაზღაიძისა და მისი ძმის ზვიად ნაზღაიძის წინააღმდეგ სიუჟეტი მოამზადა, სადაც კორუფციულ სქემაზეა საუბარი. აღნიშნული სიუჟეტის საპირწონედ შალვა რამიშვილმა გადაცემაში „მედია რენტგენი“ ჟურნალისტური მოკვლევა ჩაატარა, საიდანაც ირკვევა, რომ ნატა ნაზღაიძის ოჯახს კომპენსაცია არ აუღია. ჟურნალისტი ინტერესდება, რეალურად ეკუთვნოდა თუ არა ეს მიწა მოსამართლის ძმას, ზვიად ნაზღაიძეს და მიიღო თუ არა კომპენსაცია ნაზღაიძეების ოჯახმა.
საუბარია მიწის ნაკვეთზე, რომელზეც 2015 წლის სტიქიის შემდეგ, 1 მილიონი ლარის ოდენობით კომპენსაცია გაიცა. ჟურნალისტი ინტერესდება, იყო თუ არა ეს მიწა მოსამართლის ძმის და მიიღო თუ არა კომპენსაცია მისმა ოჯახმა. მოკვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახს კომპენსაცია არ მიუღია. როგორც ირკვევა, აღნიშნული მიწის ფართობი მოქალაქე ზვიად ჩოხელმა 2011 წელს შეიძინა იპოთეკური სესხით, თუმცა დროთა განმავლობაში, ვერ მოხერხდა ინვესტორის მოძებნა, ამას დაემატა ფინანსური პრობლემები და ჩოხელმა მიწის ნაკვეთის გაყიდვა გადაწყვიტა. სწორედ ამის შემდეგ დაინტერესდა მისით ზვიად ნაზღაიძე, რომელმაც მიწის ნაკვეთი გარკვეული პირობებით იყიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები