მამუკა მდინარაძე: ნატა ნაზღაიძის მისამართით გამოგონილი ბრალდებები სასამართლო ხელისუფლებაზე მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ემსახურებოდა

მოსამართლე ნატა ნაზღაიძის მისამართით გამოგონილი ბრალდებები სასამართლო ხელისუფლებაზე მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ემსახურებოდა, – ამის შესახებ განცხადება „კვირასთან“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ გააკეთა.
მისი თქმით, ნაზღაიძისა და მისი ოჯახის მისამართით გამოთქმული ცრუ ბრალდებები „ნაციონალური მოძრაობის“ ნეგატიური პიარკამპანიის ნაწილია, რომლის ტირაჟირებასაც საკუთარი ტელევიზიით ცდილობენ. „საქმე ისაა, რომ გეგმა ჩაუვარდათ. კიდევ ერთხელ დადასტურდა სიმართლე და ამაში ეჭვი არავის არ ეპარებოდა, რომ ეს ყველაფერი საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და სასამართლო ხელისუფლებაზე ზეწოლას ემსახურებოდა. კარგია, რომ ჩვენი საზოგადოება ასეთ ტყუილებს აღარ იჯერებს. როდესაც საუბარია ავთენტურ დადასტურებულ ჩანაწერში კონკრეტულ მოსამართლეზე და მილიონებზე, ამაზე არ უნდათ პასუხის გაცემა და ცდილობენ როგორმე შეცდომაში შეიყვანონ საზოგადოება. მათი სტილი ეს არის და კარგია, რომ საბოლოოდ სიმართლე ირკვევა ხოლმე“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის მიერ მოსამართლე ნატა ნაზღაიძის და მისი ძმის მიმართ მომზადებულ სიუჟეტთან დაკავშირებით, რომელშიც კორუფციულ სქემაზეა საუბარი, შალვა რამიშვილმა გადაცემაში „მედია რენტგენი“ ჟურნალისტური მოკვლევა ჩაატარა. ჟურნალისტი ინტერესდება, რეალურად ეკუთვნოდა თუ არა ეს მიწა მოსამართლის ძმას, ზვიად ნაზღაიძეს და მიიღო თუ არა კომპენსაცია ნაზღაიძეების ოჯახმა. საუბარია მიწის ნაკვეთზე, რომელზეც 2015 წლის სტიქიის შემდეგ, 1 მილიონი ლარის ოდენობით კომპენსაცია გაიცა. მოკვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახს კომპენსაცია არ მიუღია. როგორც ირკვევა, აღნიშნული მიწის ფართობი მოქალაქე ზვიად ჩოხელმა 2011 წელს შეიძინა იპოთეკური სესხით, თუმცა დროთა განმავლობაში, ვერ მოხერხდა ინვესტორის მოძებნა, ამას დაემატა ფინანსური პრობლემები და ჩოხელმა მიწის ნაკვეთის გაყიდვა გადაწყვიტა. სწორედ ამის შემდეგ დაინტერესდა მისით ზვიად ნაზღაიძე, რომელმაც მიწის ნაკვეთი გარკვეული პირობებით იყიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები