სასამართლომ უჩა ნანუაშვილს გათავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება დაავალა

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით, ძალაში დარჩა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და უჩა ნანუაშვილს დაეკისრა უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ სრულად დააკმაყოფილა მოსარჩელე ილია ჭანტურაიას სარჩელი, მოპასუხე საქართველოს სახალხო დამცველის მიმართ.
სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელთა საფუძველზეც, მოსარჩელეს დაედო ადმინისტრაციული სახდელი – გაფრთხილება და გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს სახალხო დამცველს მოსარჩელის სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დაევალა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით, ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და მოპასუხე საქართველოს სახალხო დამცველს დაეკისრა უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სახალხო დამცველის მიერ საჯაროდ დაფიქსირებული მოსაზრების უსაფუძვლობას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, დავით წერეთლის მიმართ.
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის ივლისში, სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის ბრძანების საფუძველზე, სახალხო დამცველის აპარატის საქმის წარმოებისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსი ილია ჭანტურაია დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. შესაბამისი ბრძანების ამსახველი დოკუმენტი ილია ჭანტურაიამ ფეისბუქზე გამოაქვეყნა. ბრძანების ტექსტის თანახმად, გათავისუფლების მიზეზი დისციპლინარული გადაცდომაა. ილია ჭანტურაიას განმარტებით, მან სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლებზე გაცემული პრემიების შესახებ, ასევე ინფორმაცია სამსახურში გამოცხადების შესახებ და ვალდებულებების შეუსრულებლობაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები