ზურაბ აბაშიძე: რუსეთის დამსახურებაა ვიზალიბერალიზაცია-მეთქი, არ მითქვამს, როგორ ვიტყოდი ასეთ რაღაცას?

პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე კატეგორიულად უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭება რუსეთის დამსახურებაა. ამასთანავე, აბაშიძე მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა, როგორც ჩანს, კარგად არ მოისმინეს მისი განცხადება, რომლის გამოც პარლამენტში იბარებენ.
„ჩვენი პარლამენტი ძალიან მიყვარს, მათ შორის იმიტომაც, რომ ქუთაისში ის შენობა მამაჩემის სახელობის ქუჩაზეა განთავსებული. სიამოვნებით მივდივარ ხოლმე იქ. თუ იქნება ამის საჭიროება, არანაირ პრობლემას არ ვხედავ. რაც შეეხება იმ განცხადებას, ეტყობა სწორად არ მოუსმინეს. რუსეთის დამსახურებაა ვიზალიბერალიზაცია-მეთქი, არ მითქვამს, როგორ ვიტყოდი ასეთ რაღაცას? მე ასე ვთქვი, ასე გავიმეორებ და ასეც არის და ეს ფორმულა მე ხშირად მსმენია ჩვენი ევროპელი კოლეგებისგან : ჩვენი ევროპული პროექტის წარმატებით განხორციელების ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი არის ის, რომ ჩვენ შევამცირეთ გარეშე საფრთხეები, მათ შორის რუსეთთან დიალოგის მეშვეობით. ეს შეგიძლიათ ჰკითხოთ ნებისმიერ ჩვენს ევროპელ კოლეგას, ეს მათი ფორმულაა და აბსოლუტური ჭეშმარიტებაა“, – განაცხადა აბაშიძემ.
შეგახსენებთ, რომ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს, ზურაბ აბაშიძეს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან შეხვედრის შემდეგ, პარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში იბარებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები