ანა დოლიძე ე.წ მოსმენების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით დეპუტატებს კონსულტაციებს სთავაზობს

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე მოძრაობის „ეს შენ გეხება” წევრებს შეხვდა და ე.წ. მოსმენების შესახებ კანონპროექტის შესახებ კონსულტაციები გამართა.
ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ლევან ბოძაშვილი, მოძრაობის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან გიორგი გოცირიძე, „ფონდ ღია საზოგადოება საქართველოდან” გიორგი ბურჯანაძე და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოდან” ლიკა საჯაია.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ანა დოლიძემ განაცხადა, საქართველოს პარლამენტში დღეს ინიცირებული კანონპროექტი რამდენიმე პრობლემურ დებულებას შეიცავს. ამიტომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია აწარმოებს კონსულტაციებს სხვადასხვა ორგანიზაციებთან, მათ შორის არასამთავრობოებთან, კომერციულ ორგანიზაციებთან, სახელმწიფო სტურქტურებთან, რომ ჩამოაყალიბოს ისეთი პოზიცია, რომელიც იქნება შესაბამისობაში საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებებთან და გადაწყვეტილებასთან.
ანა დოლიძე, აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებს კონსულტაციებს სთავაზობს.
„ჩვენ გავივლით ყველა ამ საჭირბოროტო საკითხს ყველა შესაბამის ორგანოსთან, ვთავაზობთ კონსულტაციას საქართველოს პარლამენტს და საპარლამენტო ფრაქციებს და გამოვლინდება ის თემები, რომლებზეც შეიძლება შეთანხმება, ან რომლებზეც გაგრძელდება დისკუსია. ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, ჩვენ ვაპირებთ, რომ ჩავერთოთ საკანონმდებლო მუშაობაში, თუ ამის საშუალება მოგვეცემა და კანონპროექტის განხილვა არ მოხდება ფორსირებულ, დაჩქარებულ რეჟიმში.
ჩვენ ვფიქრობთ, გამოვიყენოთ ყველა საკანონმდებლო საშუალება, რომ გავაუმჯობესოთ ის კანონპროექტი, რომელიც წარდგენილია და რომელიც რამდენიმე კითხვის ნიშანს ბადებს. შესაბამისად, ვეტოზე ან მოტივირებულ შენიშვნებზე ფიქრი დღეს ნაადრევია, იმიტომ რომ ჩართული ვართ საზოგადოებასთან, პარლამენტთან მუშაობაში და ვთავაზობთ მათ, რომ ყველა პრობლემური საკითხი კონსულტაციების რეჟიმში გავიაროთ”, – განაცხადა ანა დოლიძემ.
დღესვე, ანა დოლიძე გეგმავს შეხვედრას ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიებთან. 6 თებერვალს კი, აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი უკვე შეხვდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები