სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთა თემაზე პროკურორები ტრენინგს გადიან

საქართველოს მთავარ პროკურატურაში დღეს პროკურორებისთვის სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის თემაზე ტრენერთა ტრენინგი დაიწყო.
პროკურატურის პრესსამსახურის ცნობით, პროექტი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისთან (ODIHR) თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება და საქართველოს პროკურატურაში სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების თემაზე სპეციალური სასწავლო მოდულის დანერგვას ისახავს მიზნად.
ტრენინგი საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილემ, გიორგი გოგაძემ გახსნა და მონაწილეებს პროექტის მნიშვნელობაზე ესაუბრა. ტრენინგს მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები წარუძღვებიან და დაფარავენ შემდეგ ძირითად საკითხებს: სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ცნება, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის იდენტიფიცირება, მიკერძოების ფაქტორები, საერთაშორისო, რეგიონალური და ადგილობრივი სამართლებრივი ჩარჩო, მოტივის მტკიცებულება. პროგრამა დატვირთული იქნება თეორიული და პრაქტიკული სწავლებით.
ტრენერთა ტრენინგს წინ მნიშვნელოვანი მოსამზადებელი ეტაპი უსწრებდა, რომლის ფარგლებშიც შემუშავდა და მომზადდა საქართველოში არსებულ გამოწვევებზე მორგებული სასწავლო პროგრამა და მასალები. ეუთოს ოფისთან თანამშრომლობით, მოსამზადებელ ეტაპში, ასევე ჩართულნი იყვნენ სასამართლოს, შსს-ს, სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
მიმდინარე წლის 15 თებერვლის ჩათვლით, ტრენერთა ტრენინგი პროკურორების 2 ჯგუფისთვის განხორციელდება და მას 25 მონაწილე გაივლის. მსმენელები შერჩეული არიან შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფებიდან და ყველა ტერიტორიული ორგანოდან. 3-დღიანი ინტენსიური სწავლების წარმატებით დასრულების შემდეგ, მონაწილეებს ორმხრივი სერტიფიკატები გადაეცემათ.
დისკრიმინაციისა და სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის ერთერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მიმართულებით, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისთან (ODIHR) თანამშრომლობით შემუშავებული პროგრამა საქართველოს პროკურატურაში დაინერგება და მის საფუძველზე, გადამზადებას პროკურორები, სისტემის გამომძიებლები და სტაჟიორები ყოველწლიურად, ეტაპობრივად გაივლიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები