დავით სერგეენკო „ფრესკოზე“: თუკი შრომითი დავა წარმოიშვება, მიმართონ ჯანდაცვის სამინისტროს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, სოციალურ ქსელში „ფრესკოსთან“ დაკავშირებული ინფორმაცია „არც ერთმა თანამშრომელმა არ დაადასტურა”.
„ადამიანებს ჰგონიათ, რომ ინსპექცია ჯადოსნური ჯოხია, რომელიც საკითხს მოაგვარებს. შრომის უსაფრთხოებას 6-ეშელონიანი სისტემა აქვს და ინსპექცია ერთ-ერთი საფეხურია. ყველაფერს თავისი წესი და რიგი აქვს. ეს არ არის ჩვენი მოგონილი, დარგის ექსპერტებთან არის შეთანხმებული. თუკი შრომითი დავა წარმოიშვება, მიმართონ ჯანდაცვის სამინისტროს და არ გაავრცელონ ინფორმაცია სოციალური ქსელის საშუალებით. ინსპექციამ ანონიმური ზარის საფუძველზე რომ დაიწყოს ობიექტებზე სიარული, წარმოუდგენელია”, – ამბობს მინისტრი.
სერგეენკოს განმარტებით, „ინსპექცია სასამართლოს ვერ ჩაანაცვლებს. ვინმეს თუ ინდივიდუალური შრომითი დავა აქვს, უნდა მიმართოს სასამართლოს, თუ კოლექტიური – სამინისტროს. ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის უფროსის, ლევან ჟორჟოლიანის თქმით, მონიტორები გუშინ „ფრესკოს“ ქსელის მხოლოდ ერთ მაღაზიაში რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ სუპერმარკეტების ქსელ „ფრესკოს“ ყოფილი თანამშრომლები ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შრომის კოდექსის პირობების დარღვევაში ადანაშაულებენ და მათ წინააღმდეგ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელეს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ფრესკოს“ თანამშრომლებს გაუსაძლის პირობებში უწევთ მუშაობა. ყოფილი თანამშრომლები “ფრესკოში” არსებულ სამუშაო პირობებს “თანამედროვე მონობის” გამოვლინებას ადარებენ.
„ფრესკოს“ ყოფილი თანამშრომლების მიერ გავრცელებულ განცხადების საფუძველზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა კომპანია ერთი დღის განმავლობაში, მხოლოდ ერთ მაღაზიაში შეამოწმეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები