ჟურნალისტური მოკვლევა – “მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახს კომპენსაცია არ მიუღია” (ვიდეო)

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის მიერ მოსამართლე ნატა ნაზღაიძისა და მისი ძმის მიმართ მომზადებულ სიუჟეტთან დაკავშირებით, რომელშიც კორუფციულ სქემაზეა საუბარი, შალვა რამიშვილმა გადაცემაში „მედია რენტგენი“ ჟურნალისტური მოკვლევა ჩაატარა.
ჟურნალისტი ინტერესდება, რეალურად ეკუთვნოდა თუ არა ეს მიწა მოსამართლის ძმას, ზვიად ნაზღაიძეს და მიიღო თუ არა კომპენსაცია ნაზღაიძეების ოჯახმა.
საუბარია მიწის ნაკვეთზე, რომელზეც 2015 წლის სტიქიის შემდეგ, 1 მილიონი ლარის ოდენობით კომპენსაცია გაიცა. ჟურნალისტი ინტერესდება, იყო თუ არა ეს მიწა მოსამართლის ძმის და მიიღო თუ არა კომპენსაცია მისმა ოჯახმა.
მოკვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახს კომპენსაცია არ მიუღია. როგორც ირკვევა, აღნიშნული მიწის ფართობი მოქალაქე ზვიად ჩოხელმა 2011 წელს შეიძინა იპოთეკური სესხით, თუმცა დროთა განმავლობაში, ვერ მოხერხდა ინვესტორის მოძებნა, ამას დაემატა ფინანსური პრობლემები და ჩოხელმა მიწის ნაკვეთის გაყიდვა გადაწყვიტა. სწორედ ამის შემდეგ დაინტერესდა მისით ზვიად ნაზღაიძე, რომელმაც მიწის ნაკვეთი გარკვეული პირობებით იყიდა.
„ეს მიწა 2011 წელს შევიძინეთ, გვქონდა დაინტერესება, რადგან არსებობდა პერსპექტივა, არსებობდა მშენებლობის ნებართვა ამ მიწაზე. შევიძინეთ იპოთეკური (ბანკიდან აღებული) სესხით, 190 ათას დოლარად. ყოველთვიურად გვიწევდა 4500 დოლარის გადახდა, ინვესტორიც ვერ მოვძებნეთ და ფინანსური პრობლემები შეგვექმნა. 2012 წლის ოქტომბერში უფრო მძიმე მდგომარეობაში ვიყავით ფინანსურად და გადავწყვიტეთ, გაგვეყიდა მიწის ნაკვეთი და შევხვდით ერთ-ერთ პოტენციურ მყიდველს, ზვიად ნაზღაიძეს, რომელსაც მანამდე საერთოდ არ ვიცნობდი და აზრზე არ ვიყავი, ვინ იყო ის, რომელმაც იყიდა ეს მიწა გარკვეული პირობებით“,- აცხადებს მიწის ნაკვეთის მფლობელი ზვიად ჩოხელი.
თავის მხრივ, ზვიად ნაზღაიძე იმ პირობებს განმარტავს, რატომაც დაინტერესდა მიწის ნაკვეთის ყიდვით და იმასაც, თუ რა პირობითაც იყიდა ჩოხელისგან ეს მიწა.
„საკმაოდ საინტერესო წინადადება იყო ფინანსური თვალსაზრისით, ინვესტიციების განხორციელება შეიძლებოდა, ამასთან, არსებობდა მშენებლობის ნებართვა. პირობა იყო ასეთი: მე უნდა გადამეხადა 200 ათასი დოლარი, თუმცა თავიდან ვიხდიდი 40 ათას დოლარს და შემდეგში, ყოველ თვე, 2 500 დოლარს“, -აცხადებს ზვიად ნაზღაიძე.
ზვიად ნაზღაიძესთან გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების შემდეგ, მიწა გადავიდა ნაზღაიძის სახელზე. მან წინასწარ გადაგვიხადა 40 ათასი დოლარი და ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რომ ყოველთვიურად 2 500 დოლარს გადაიხდიდა ბანკში – ეს ვალდებულება მან შეასრულა, მაგრამ ჩვენ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვიყავით, ვერ ვიხდიდით ვერანაირ ვალს. ზვიადთანაც აღმოვჩნდით ძალიან ცუდ მდგომარეობაში, ფაქტობრივად, ისიც ჩავაყენეთ უხერხულ მდგომარეობაში. ზვიადმა მომთხოვა ის 80 ათასი დოლარი, რაც ფაქტობრივად, დახარჯა ამ მიწის ნაკვეთის შეძენისა და შემდეგ ნელ-ნელა გადახდის პირობით და ჩვენ შორის მოხდა შეთანხმება და ვალის აღიარების ხელწერილი, რომ მე 80 ათას დოლარს დავუბრუნებდი ზვიად ნაზღაიძეს, როგორც კი გავყიდდი ამ ნაკვეთს“, -აცხადებს ჩოხელი.
შესაბამისად, ვალის აღიარების ხელშეკრულების გაფორმების მომენტიდან ზვიად ნაზღაიძე ამ მიწის ნაკვეთის ნომინალური მფლობელი გახდა, ფაქტიური მესაკუთრე კი ისევ ზვიად ჩოხელია, რომელიც უფლებებში ისევ აღდგება ნაზღაიძისთვის 80 ათასი დოლარის ვალის გადახდის შემდეგ.
2015 წლის ივნისს მომხდარი სტიქიის შემდეგ- სტიქიამ გაანადგურა აღნიშნული ადგილი- გამოცხადდა, რომ დაზარალებულები მიიღებდნენ კომპენსაციას და ჩოხელების ოჯახმა მერიაში, კომპენსაციის მოთხოვნით, განცხადება შეიტანა. ჟურნალისტი სვამს კითხვას: ამ დროისთვის ჩოხელი აღარ იყო მესაკუთრე, აქედან გამომდინარე, რატომ ჰგონია, რომ მიწა მისია? რაზეც ჩოხელი შემდეგნაირად პასუხობს.
„მე კოლოსალური თანხები ჩავდე ბანკში, დაახლოებით 140 ათასი დოლარია “საქართველოს ბანკში” პროცენტის სახით გადახდილი და დასაბრუნებელი მქონდა 275 ათასი დოლარი. ბანკია ჩემი პრობლემა, იმიტომ, რომ მე ნაზღაიძესთანაც დასაბრუნებელი მქონდა 80 ათასი დოლარი. ამიტომ ვთვლიდი და დღესაც ვთვლი, რომ დაზარალებული მე ვარ, ნაზღაიძე და ბანკი კი არაა დაზარალებული. “საქართველოს ბანკს” და ნაზღაიძეს რაც უნდოდათ, იმას მიიღებდნენ“, -განაცხადა ჩოხელმა.
ამის შემდეგ ჩოხელმა სხვადასხვა ინსტანციებს მიმართა. ის თანამდებობების პირებს კომპენსაციის მიღების თაობაზე სპეციალური განცხადებებით მიმართავდა. მერიამ ჩოხელს ზარალი აუნაზღაურა, ხოლო დე იურედ -ნაზღაიძეს ვალი (80 ათასი დოლარი) და მის სახელზე გადააფორმა მიწა სანდრო ეულის ქუჩაზე. კითხვაზე რას უპირებს აღნიშნული მიწის ნაკვეთს – ზვიად ნაზღაიძე შემდეგნაირად პასუხობს:
„არა, ეს ჩემი არ არის, იმიტომ, რომ ჩვენ ვალის აღიარება გვაქვს, ჩემ სახელზე რომ გადმოფორმდება, ამ ვალის აღიარების საფუძველზე, მე ვიღებ ამ თანხას (ეს თანხა უკვე ჩაერიცხა) და ვალის აღიარების საფუძველზე, მე უკან უნდა დავუბრუნო ის მიწის ნაკვეთი (სანდრო ეულის ქუჩაზე მდებარე), რომელიც გადმოფორმებულია ჩემს სახელზე“, -აცხადებს ზვიად ნაზღაიძე.
რაც შეეხება იმას, კმაყოფილია თუ არა ნაზღაიძე კომპენსაციით, ის აცხადებს: „არ მინდა უმადურობა გამომივიდეს, ვერც იმას ვიტყვი, რომ კმაყოფილი ვარ, იმიტომ, რომ რეალურად, მე რა ზარალიც ვნახე, იმის საფასური მე ვერ მივიღე. მომცეს ნახევარი ფული, საიდანაც სესხი დაიფარა,ასევე, ზვიად ნაზღაიძის მიმართ აღებული ვალდებულება, პლიუს ამას 5001 კვადრატული.
„რუსთავი 2“ კონტექსტიდან ამოგდებულად აჩვენებს, რომ არიქა, 5001 კვადრატულია. ვიღაცა ამას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს და ასე არ შეიძლება. ვიღაცა სხვას რომ მოსვლოდა ეს ყველაფერი, ასე მიყვებოდნენ საქმეს?! ბევრს მივმართე, მაგრამ აქამდე არავინ არ დაინტერესებულა. ახლა, რადგან გამოჩნდა ზვიად ნაზღაიძის და, რატომღაც მიაბეს ამ საქმეს და უნდათ, რომ პოლიტიკურად გამოიყენონ და პოლიტიკურ სარჩულს უდებენ. არ აინტერესებთ, რომ ამ ყველაფრის უკან 12 ოჯახი ზარალდება“, – აცხადებს ჩოხელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები