გიგლა აგულაშვილი: გია ცაგარეიშვილის გარემოსდაცვით სფეროში საქმიანობა არ არის „ნოუჰაუ“

“გია ცაგარეიშვილის გარემოსდაცვით სფეროში საქმიანობა არ არის „ნოუჰაუ“, რომელმაც გაკვირვება უნდა გამოიწვიოს”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს გარემოს დაცვის მინისტრმა, გიგლა აგულაშვილმა განუცხადა.
მინისტრის განმარტებით, მას 4 მრჩეველი ჰყავს, რომელთა ანაზღაურებაც მაღალი არ არის და ყველას კონკრეტული მისია აკისრია.
„მე არ მყავს მარტო გია ცაგარეიშვილი მრჩევლად, სხვებიც არიან. ეს არის თანამდებობა, რომელიც საშტატო ნუსხით, გასულ წელსაც იყო, იმის წინაც იყო. საქმე ისაა, რომ ჩვენ პერიოდულად გვაქვს კონკრეტული ამოცანები, რომელთა უზრუნველსაყოფადაც გვყავს ადამიანები, რომლებიც ამ სექტორში მუშაობენ. გია ცაგარეიშვილის კვალიფიკაციაზე მინიმუმ ის შემიძლია ვთქვა, რომ თითქმის 4 წლის განმავლობაში, ის იყო საქართველოს პარლამენტში შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარე და გარემოსდაცვით სფეროში მისი საქმიანობა არ არის „ნოუჰაუ“ და ისეთი სიახლე, რამაც გაკვირვება უნდა გამოიწვიოს. გიას, ისევე როგორც სხვებს, აქვს კონკრეტული დავალებები, კონკრეტული სფეროს მიმართულებით“, – განაცხადა აგულაშვილმა.
მან ასეთ მაგალითად  საკონსტიტუციო რეფორმის მიმართულებით მუშაობა დაასახელა.
„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საკონსტიტუციო კომისიას შევთავაზოთ გარემოსდაცვით სფეროში საკონსტიტუციო ჩანაწერის უფრო მეტად სრულყოფა. ეს ერთ-ერთი თემაა, რაზეც გია ცაგარეიშვილი მუშაობს. ასე რომ, მთავარი არის არა გვარები და სახელები, არამედ ვინ რას აკეთებს. ჩემი ყველა მრჩეველი კონკრეტული დავალებითაა აღჭურვილი, კონკრეტულ ფუნქციას ასრულებს. ზოგიერთ საქმიანობაზე წინასწარ არ მინდა ლაპარაკი“, – განაცხადა აგულაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „თავისუფალი დემოკრატების” ყოფილი წევრი გია ცაგარეიშვილი გარემოს დაცვის მინისტრის მთავარ მრჩევლად დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები