დოდო შონავა: ჩვენთვის მიუღებელია 11 თვით მაუწყებლის შეჩერება

„ჩვენთვის მიუღებელია მაუწყებლის შეჩერება 11 თვით, თვითმმართველობის არჩევნების დროს და მაშინ, როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებები იხილება“, – ამის შესახებ მეორე არხის გენერალურმა დირექტორმა, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ნდობის ჯგუფის წევრმა, დოდო შონავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
ამასთანავე, დოდო შონავას განცხადებით, იგი ცვლილებების წინააღმდეგი არ არის, თუმცა მოითხოვს კომპეტენტურ მენეჯმენტს და ადამიანური და ფინანსური რესურსების მართლზომიერ მართვას.
„ჩვენთვის მისაღებია „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ რეფორმა და მოდერნიზება, ოღონდ დამუშავებული კონცეფციით და სამოქმედო გეგმით. ჩვენთვის მიუღებელია მაუწყებლის შეჩერება 11 თვით, თვითმმართველობის არჩევნების დროს და მაშინ, როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებები იხილება. ნურავის ნუ ეგონება, რომ ჩვენ ცვლილებების წინააღმდეგი ვართ, ჩვენ წლებია, ცვლილებებს მოვითხოვთ. ჩვენ მოვითხოვთ კომპეტენტურ მენეჯმენტს და ადამიანური რესურსებისა და ფინანსების მართლზომიერ მართვას, ჩვენ ვიწყებთ ძალიან სერიოზულ დოკუმენტზე მუშაობას, რომელსაც წარვუდგენთ საზოგადოებას და ბორდს. ამ დოკუმენტში გაწერილი იქნება ის პრინციპები, რომლითაც მიგვაჩნია, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეტაპობრივი მოდერნიზება უნდა მოხდეს. ის, რომ ჩვენს ეთერში არ არის ღირებული პროდუქცია, ეს არის მიზანმიმართული დისკრედიტაცია. ჩვენ ძალიან კარგი პროდუქტი გვაქვს, უბრალოდ, საჭიროა თავიდან ავიცილოთ დამოკიდებულება, რომელიც, ვფიქრობ, მიზანმიმართულია იმისთვის, რომ მაყურებელმა იფიქროს, რომ აქ მართლაც „კარმუშკაა“, ანუ სახრავისთვის ვართ მოსულები“, – განაცხადა დოდო შონავამ.
რაც შეეხება „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებებს, დოდო შონავა ფიქრობს, რომ კვირიკაშვილმა რეფორმებს დაუჭირა მხარი.
„ჩვენ ვიზიარებთ ამ მხარდაჭერას და ძალიან აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ რეფორმების გატარებაში“, – განაცხადა დოდო შონავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები